მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ ლონდონში, Bank of America-ს კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

თურნავა და ხუციშვილი
05.06.26 12:21
182

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში გამართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks) მიიღეს მონაწილეობა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ 15-მდე საერთაშორისო ინსტიტუციურ ინვესტორსა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს საერთაშორისო და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

"საქართველოს დელეგაციის წევრებმა ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და მიმოიხილეს მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მაღალი ინტერესი და გამოშვების შედეგები. შეხვედრებზე, ასევე, განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე სამომავლო გამოშვებების შესაძლებლობები, ბოლო პერიოდში არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით.

შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ, ასევე, შეხვედრები გამართა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების S&P და Moody’s წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებული საკითხები", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები