“გადახდისუუნარობის პრაქტიკოსების სერტიფიცირების პროგრამა მიმდინარეობს, აგვისტოდან ჩვენ სერტიფიცირებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები გვეყოლება. პრაქტიკულად ახალი პროფესია შეიქმნა", - ამის შესახებ “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” მმართველმა პარტნიორმა” ლაშა ნოდიამ გადაცემა “Forbes კვირაში” საუბრისას განაცხადა.
ურუმაშვილმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ახალ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა ეს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებაა და ის მათთვის დადებითი ეფექტის მომტანი იქნება.
“ის სტიგმა, რომ თუ კომპანია გადახდისუუნაროა, მას ყველა შემთხვევაში არაკეთილსინდისიერებასთან ჰქონდა კავშირი, დაძლეული იქნება და უფრო მართებულია, რომ კომპანია, რომელიც ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, პროცესი დროულად დაიწყოს, რათა კრედიტორებს საშუალება მიეცეთ შენთან ერთად არსებული პრობლემა დაძლიონ.
კონსენსუსი ბევრ საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული და როდესაც კანონპროექტის შექმნის პროცესი დაიწყო, ბევრს არ ეგონა, რომ მისი განხორციელება შესაძლებელი იყო.” - აღნიშნა ლაშა ნოდიამ.
ცნობისთვის: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს არეგულირებს.
ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.