ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ყვარელში ღვინის შატოს გაკეთებას გეგმავს, რაშიც 6 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს თავად ბიზნესმენმა განუცხადა, საწარმოს პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა და სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება.
"ეს იქნება შატოს ტიპის საწარმო, არ იქნება დიდი მოცულობის, რადაგან ვაპირებთ წელიწადში მაქსიმუმ ნახევარი მილიონი ბოთლი ღვინო ვაწარმოოთ, ჩვენ პრემიუმ სეგმენტზე ვაკეთებთ გათვლას და შესაბამისად პრემიუმ ღვინო დიდი რაოდენობის ვერ იქნება.
ექსპორტზე ვგეგმავთ გატანას, ჩვენი ღვინო ვერ გაიყიდება ქსელურად, რადგან ეს შეზღუდული რაოდენობაა, მხოლოდ პრემიუმ კატეგორიის რესტორნებში შევალთ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ 20 ათას ბოთლს ვამზადებთ და გახსნიდან 5 წელში ეტაპობრივად 500 ათას ბოთლამდე გავზრდით წარმოებას. ჩვენი სამიზნე ბაზარი იქნება ევროპა და ამერიკა, ასევე იაპონია.
15 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და კარგად ვიცი მსოფლიო ბაზარი, ყველა კუთხე, ისეთი ბაზრები როგორიცაა საფრანგეთი, ნაპავალე, ზელანდია, მსოფლიოში 30 დოლარიდან 30 ათას დოლარამდე ღირებულების ღვინოები უკვე პრემიუმ სეგმენტში ითვლება.
ჩემი აზრით პრემიუმ ღვინის წარმოებისას მნიშვნელოვანია სამი რამ, მე ამას ასე ვყოფ ხოლმე: 60% ვენახზე მოდის, 20% ჩამოსხმა, 20% შენახვა. მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი, რომლისგანაც ღვინოს აწარმოებ, საკუთარ ვენახში იყოს მოყვანილი, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა ღვინო პრემიუმ კლასის, რადგან ყურძნის ხარისხსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს" - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ლაშა პაპაშვილი წლებია ყვარელში საკუთარ ვენახს ფლობს, რომელიც 45 ჰექტარზეა განთავსებული და როგორც ბიზნესმენი განმარტავს, საერთაშორისო, პრემიუმ კლასის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, რაც ჰექტარზე მოსავლიანობითა და სხვადასხვა პარამეტრებით განისაზღვრება, ღვინოსაც, სწორედ იქ მოწეული მოსავლით ამზადებს.
შპს "ყვარლის მარანის" ღვინოები სამი წელია, მხოლოდ საქართველოში იყიდება, ეს არის პრემიუმ საფასო სეგმენტის პროდუქტი, რომლის ფასიც დახლზე, თეთრი ღვინის - 55 ლარია, წითელის კი - 65 ლარი. კომპანია ხუთი სახეობის ღვინოს აწარმოებს: საფერავს, მწვანეს, რქაწითელს, ქისს და ხიხვს.

























