ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები COVID-19-ის კრიზისის შედეგები და ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, მიმოიხილეს. ამასთან, შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყებაზეც ისაუბრეს.
მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა და ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში მსოფლიო ბანკის სრული მხარდაჭერა დაუდასტურეს.
ცნობისთვის: ამ დროისთვის, საქართველოში მსოფლიო ბანკის პორტფელის საერთო ღირებულება $990 მლნ დოლარს შეადგენს.

























