ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმებებს, რომელთა მიზანია საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნისთვის გამოყოფილი იქნება 46.2 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამა მოიცავს კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებებს (ტყის მდგრადი მართვა, სამრეწველო ემისიების მართვა, განახლებადი ენერგიების წარმოება), პირობითი ვალდებულებებისა და ფისკალური რისკების შერბილებას (სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის პროცედურები და მმართველობის ფორმები), მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას (ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, გადახდის სისტემები და გადახდის სერვისები).
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი ითვალისწინებს 69,3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. პროექტის ძირითადი მიზანია: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება; ეროვნული ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატისადმი მდგრადი დაგეგმვისთვის; პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას.