მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლატარიის კომპანიამ 2020 წელი ₾10.7-მილიონის ზარალით დაასრულა

61b4fe80d8ed8
BM.GE
12.12.21 00:00
1898
საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია ქვეყანაში ლოტოს გათამაშებებისა და მომენტალური გათამაშებების გამართვის ექსკლუზიური ლიცენზიანტია. 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად, კომპანიის მართვას კომპანია "ჯი ენ ელი" ახორციელებს. 

"ჯი ენ ელის" 2020 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანია ზარალზეა. დოკუმენტის მიხედვით, ლატარიის კომპანიის შემოსავალმა ყველა კატეგორიის თამაშებიდან 29 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 16.11 მილიონი ლარი მოგების სახით კვლავ მომხმარებლებს დაუბრუნდათ, შესაბამისად კომპანიის წმინდა შემოსავალი თამაშებიდან 12.86 მილიონი ლარი იყო. თუმცა ეს თანხხა ყველა ხარჯის დასაფარად საკმარისი არ იყო, რის გამოც "ჯი ენ ელმა" 10.7 მილიონი ლარით იზარალა. წამგებიანი იყო კომპანიისთვის 2019 წელიც, მაშინ თამაშებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი 12.6 მილიონ ლარს, ზარალი კი 6.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ლატარიის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 6.88 მილიონი ლარის მოსაკრებლები და საკომისიო ხარჯი გადაიხადა. რეკლამასა და მარკეტინგზე 2.3 მილიონი დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასები ასევე 2.3 მილიონი იყო, ცვეთა და ამორტიზაციაც 2.3 მილიონს შეადგენდა ბილეთების ბეჭვდის ხარჯი 0.9 მილიონი იყო, სხვა ხარჯები კი 2.1 მილიონი ლარი. მთლიანობაში ფირმამ 3.7 მლნ ლარის საოპერაციო ზარალი განიცადა, 7 მილიონის ფინანსური ხარჯების შედეგად კი კომპანიის ზარალმა 2020 წელს 10.7 მილიონი ლარი შეადგინა.

თამაშების შემოსავლები და გაცემული პრიზების ღირებულება ასეთი იყო:

● ყველა კატეგორიის თამაშებიდან მიღებული შემოსავალი - 28,978,000 ლარი, ყველა კატეგორიის თამაშების საპრიზო ფონდის ხარჯი 16,111,000 ლარი. წმინდა შემოსავალი თამაშებიდან 12,867,000 ლარი. კომპანიამ მიღებული შემოსავლიდან 55.6% მოგების სახით მომხმარებლებზე გასცა.

სეგმენტების მიხედვით, ლატარიის შემოსავალი ამგვარად ნაწილდება:

● შემოსავალი მომენტალური გათამაშებებიდან - 20,975,000 ლარი, მომენტალური გათამაშებების საპრიზო ფონდის ხარჯი 11,667,000 ლარი;
● შემოსავალი ლოტოდან - 7,111,000 ლარი, ლოტოს საპრიზო ფონდის ხარჯი 4,080,000 ლარი;
● შემოსავალი ონლაინ თამაშებიდან - 892,000 ლარი, ონლაინ თამაშების საპრიზო ფონდი 364,000 ლარი.

“ჯი ენ ელის” ძირითადი მშობელი კომპანიებია შპს Win 75% და სს New Game 25%. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, მისი ბენეფიციარი მფლობელები ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და კობა ღურწკაია არიან.

ლატარიის კომპანიის აქტივები 14.8 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 38.9 მილიონი ლარია.

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში დარეგისტრირდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების - ირაკლი ზარქუას და დაჩი ბერაიას საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს ლატარიის კომპანიის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. საკითხზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები