მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაურუსმა" დაფასოებული დაფნის წარმოება დაიწყო - კომპანია რუსეთში ექსპორტისთვის ემზადება

5c160a21b38ad
მაია ბიწაძე
16.12.18 12:15
1379
დაფნის გადამამუშავებელმა საწარმო შპს "ლაურუსმა" დაფასოებული დაფნის წარმოება დაიწყო, რისთვისაც საწარმოში ახალი საამქრო შექმნა.

როგორც Bm.ge-ის კომპანიის დირექტორმა ვანო ჯალაღონიამ განუცხადა, პროდუქცია 100%-ით ექსპორტზე რუსეთში გავა.

მისივე განმარტებით, აქამდე კომპანია დაფნის ფოთოლს საექსპორტო ბაზრებზე ნედლეულის სახით გზავნიდა.

ახალი დანადგარების შეძენა და მონტაჟი კომპანიას 150 ათასი ლარი დაუჯდა.

„ექსპორტზე დაფნას უკვე შეფუთული სახით გავგზავნით; ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის პროდუქციის თვითღირებულებას, მაგრამ ჩვენი მოგების მარჟაც მინიმუმ 25%-ით გაიზრდება. საცალო შეფუთვით პროდუქტის წარმოება უფრო მომგებიანია, როცა ნედლეულს ყიდი, იქ მოგება ყოველთვის პატარაა“, - განაცხადა ვანო ჯალაღონიამ.
კომპანია წელიწადში 200 ტონა დაფნის ფოთოლს ამზადებს, რაც ეტაპობრივად 300 ტონამდე გაიზრდება.

ცნობისთვის; შპს "ლაურუსი“ სენაკში, სოფელ ნოსირში მდებარეობს და ბიზნესმენი შოთა წურწუმიას საკუთრებაა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. ბიზნესმენი ფლობს კომპანია "ლაურუს სიბირს", რომელიც რუსეთის ფედერაციაში 10 ათასზე მეტ მაღაზიას სუნელ-სანელებლებითა და დაფნით ამარაგებს.

კომპანიას ნოსირში 60 ჰექტარზე საკუთარი დაფნის პლანტაცია აქვს, საიდანაც სეზონზე 300 ტონა მწვანე ფოთოლს იღებენ, დანარჩენ 700 ტონას კი, მოსახლეობისგან იბარებენ.

შპს "ლაურუსი" სენაკში, 2007 წელს დაფუძნდა. 2013 წელს კომპანიამ ‘შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 150 ათასი დოლარის სესხ აიღო.
მიმდინარე წელს განხორციელებულმა ინვესტიციამ, ჯამში, 270 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წარმოების განახლებას მოხმარდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები