ლეგენდარული მუსიკოსი და ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი, ქუინსი ჯონსი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯონსი თანაავტორია ყველასათვის ცნობილი არაერთი მუსიკოსის ალბომისა, მათ შორის, მაიკლ ჯექსონის Thriller, ფრენკ სინატრას L.A. Is my Lady და სხვა.
ქუინსი ჯონსის პუბლიცისტის, არნოლდ რობინსონის ინფორმაციით, კომპოზიტორი კვირას ღამით, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ქუინსი რამდენიმე კვირაში საპატიო ოსკარის ჯილდოს მფლობელი უნდა გამხდარიყო.
ჯონსი ერთ-ერთი პირველი ფერადკანიანი პროდიუსერი იყო, რომელმაც ჰოლივუდში თავი 1950-იანი წლებიდან დაიმკვიდრა. მის სახელზეა ამერიკული მუსიკის ყველაზე შთამბეჭდავი კატალოგი. მუშაობდა ამერიკული საზოგადოების ყველაზე გავლენიან პირებთან, პოლიტიკოსებთან, მსახიობებთან და მუსიკოსებთან. წერდა მუსიკას ფილმებისთვის. იყო ბილ კლინტონის ინაუგურაციის ორგანიზატორი და თავად ხელმძღვანელობდა 1985 წელს "We are the World"-ის ლეგენდარული, ვარსკვლავური კოლაბორაციის ჩაწერას.
ჯონსის ყველაზე ცნობილი კომპოზიციები მაიკლ ჯექსონთან კოლაბორაციით შეიქმნა. მუსიკოსებმა ერთად იმუშავეს ალბომებზე: Off the Wall, Thriller, Bad. 1983 წელს, Thriller-ის გამოსვლისთანავე, ალბომის 20 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
2001 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიაში, სახელწოდებით "Q", ქუინსის ჯილდოების ჩამონათვალს 18 გვერდი ეთმობა. მათ შორის იყო 27 გრემი (ამ დროისთვის 28), 1 აკადემიური ჯილდო და ემი ტელესერიალისთვის "Roots".