მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლეგიტიმური სამიზნე ხდება“ — ბოკერია ბიზნესებზე, ვინც „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭირა

გიგა ბოკერია

BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში, ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ინდივიდუალური და ჯგუფური სანქციების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც პარტნიორებისგან მოდის. მისი თქმით, სანქციები უნდა შეეხოს არა მხოლოდ პოლიტიკურ ფიგურებს, არამედ რეპრესიებში ჩართულ მთელ ვერტიკალს.

„ 60-მდე ადამიანია სხვადასხვა სანქციებში. ჩვენ, „ფედერალისტები“ და სხვა ჯგუფებიც, დიდი ხანია ვახდენთ აღნუსხვას არა მხოლოდ ტოპ პოლიტიკური ფიგურების, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ რეპრესიებშია ჩართული. მე პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ეტაპობრივად, ან მყისიერად, ტკივილი მივაყენოთ ყველას, ვინც რეპრესიაში მონაწილეობს. დაწყებული ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელებიდან, დამთავრებული ხალხით, ვინც მტკიცებულებების ფაბრიკაციას ახდენს ან სიტყვის თავისუფლების პოლიციის ფუნქციას ითავსებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს აწერს მსგავს გადაწყვეტილებებს, უნდა დაექვემდებაროს როგორც სამგზავრო, ისე ეკონომიკურ სანქციებს. „გასაგებია, რომ პირდაპირი ეფექტი ზოგიერთზე არ ექნება, მაგრამ ჯამში, ამას ყველა ვარიანტში ექნება ეფექტი“, – აღნიშნა მან.

ბოკერია არ ემხრობა მოლოდინით ცხოვრებას, თუ როდის დადგება ეს შედეგი, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. „ჩვენ არ ვიცით, ეს შედეგი როდის დადგება. იანუკოვიჩი სანქცირებულიც არ იყო ბოლომდე, ისე მოხდა მისი ჩამოცილება, ისევე როგორც ჩვენს მეზობელ სომხეთში, სადაც სახალხო გამოსვლებით მიაღწიეს პროტესტის იმ ხარისხს, რომ რეჟიმმა ვერ გაუძლო და ჩამოიქცა. ეს [სანქციები] არ არის ტესტი“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, ემხრობა თუ არა ბიზნესის სანქცირებას, განსაკუთრებით იმ ბიზნესის, რომელმაც „რუსულ კანონს“ დაუჭირა მხარი, გიგა ბოკერია აცხადებს:

„აუცილებლად! ამიტომ ვამბობ, რომ ეგ ძალიან კარგი წყალგამყოფი ხაზია. შენ თუ ამ ვითარებაში, რაც საქართველოში გვაქვს, პროაქტიურად თვლი (მაშინ როცა სხვებმა უარი თქვეს ამაზე), გამოდიხარ და აცხადებ, რომ ამ რეპრესიების მომხრე ხარ. ანუ, შენ თვითონ აცხადებ, რომ მე ვარ ის, ვინც ამას აკეთებს. ეს არჩევანი მათ გააკეთეს. ეს არ არის მორალის კითხვა, არც მოთხოვნა ბიზნესისთვის, რომ წინა ხაზზე იყოს და გარისკოს. როგორც უკვე ვთქვი, ეს არასწორი მგონია, არც ამის მოთხოვნა და არც მოლოდინი.

თუ ბიზნესმენი, და მით უმეტეს განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესმენი, რომელსაც აქვს პრაქტიკული ინტერესებიც ხელისუფლებასთან კარგად ყოფნის მერე, რეპრესიულ კანონს და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ძირს გამოთხრის საქმეში თავს იჩენს და საჯარო პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში ეგ ლეგიტიმური სამიზნე ხდება ჩვენთვის პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებისთვის და ყველა საქართველოს ხალხის და თავისუფალი სამყაროს მოკავშირისთვის.

ყველაზე კარგი ტესტია – გააკეთეს თუ არა საჯარო განცხადებები „რუსულ კანონზე" ? ეს საჯარო სია იყო, ცნობილია და არსებობს. არანაირ საიდუმლო ინფორმაციაზე არ ვსაუბრობთ – ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. ეს ტესტია იმის გასარკვევად, ვინ აირჩია თანაავტორობა ამ პროცესში და ვინ – არა“, – განაცხადა ბოკერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები