LEGO-მ LEGO Art Masterpiece-ის სერიის ისტორიაში ყველაზე დიდი ნაკრები — Gustav Klimt – The Kiss (31221) — წარადგინა. მოდელი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ნამუშევრის "კოცნის" (The kiss) ანალოგზეა შექმნილი. ახალი ნაკრები ვენის ბელვედერის მუზეუმთან თანამშრომლობით შეიქმნა, სადაც კლიმტის ნამუშევრის ორიგინალია გამოფენილი. პრეზენტაციაც სწორედ ამ მუზეუმში, ორიგინალი ტილოს გვერდით გაიმართა.
ნაკრები ზუსტად 4 000 დეტალისგან შედგება და LEGO Art-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის მოდელია. ამასთან, ის სერიის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებიცაა — მისი ფასი 299.99 აშშ დოლარია. აწყობილი მოდელის სიგრძე ერთი მეტრია და LEGO Art-ის სხვა ნაკრებების მსგავსად კედელზე მაგრდება, როგორც დეკორის ნაწილი. LEGO-ს დიზაინერებმა მრავალშრიანი კონსტრუქციის, ოქროსფერი ელემენტების და სხვადასხვა ტექსტურის გამოყენებით ორიგინალური ნამუშევრის ორნამენტული სტილისა და სივრცულების გამოსახვა დაიდეს მიზნად, რის შედეგადაც უნიკალური სამგანზომილებიანი მოდელი მიიღეს.
გუსტავ კლიმტმა „კოცნა“ 1907–1908 წლებში შექმნა. ნამუშევარი არტ-ნუვოსა და სიმბოლიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შედევრად ითვლება. ორიგინალური ტილო შესრულებულია ზეთის საღებავით და გაფორმებულია ოქროს, ვერცხლისა და პლატინის ფურცლებით.
LEGO Art Gustav Klimt – The Kiss (31221) ფართო გაყიდვაში 4 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი. ახალი მოდელი LEGO Art Masterpiece-ის კოლექციის ნაწილია, რომელიც უკვე მოიცავს ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“, ვინსენტ ვან გოგის „მზესუმზირებს“ და „ვარსკვლავიან ღამეს“.


































