მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია" - ლაგარდი ქალთა გაძლიერებაზე

5ce2557776117
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.19 11:25
5756
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინ ლაგარდი იმყოფება. 

ლაგარდი ქართველი სტუდენტების წინაშე საქართველოს ეკონომიკის შესახებ მოხსენებით წარსდა, სადაც მან ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვლილ გზაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვაც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად მოუწია.

კრისტინ ლაგარდის აზრით, დღეს საქართველოს ეკონომიკას გარდაქმნისა და განვითარებისთვის სისტემური რეფორმები ესაჭიროება. IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი განათლების რეფორმისა და ეკონომიკაში ქალთა ჩართულობის ზრდის შესახებაც საუბრობს:

"საქართველოს მიერ სატრანსპორტო სისტემების განვითარებასა და ლოჯისტიკის გაძლიერებასთან ერთად, ქვეყნის განვითარებისთვის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი განათლების რეფორმაა. 

განათლების რეფორმა საქართველოს ეკონომიკის ძირითად გამოწვევას, ეკონომიკისა და შრომის ბაზრის მოდერნიზებას ემსახურება. თქვენ კომპანიებისა და ანტერპრენერებისგან გამუდმებით გესმით, - "ჩვენ უბრალოდ ვერ ვპოულობთ საკმარისი რაოდენობის კვალიფიციურ მუშახელს."

სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებას გეგმავს, რათა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რათა შემდგომში მათ გაზარდონ ქვეყნის პროდუქტიულობა და მოიპოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახურები - განსაკუთრებით კი - ფინანსურ, სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორებში. 

შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტის გადაჭრა საქართველოსთვის გარდამტეხი იქნება, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველო ფინანსურად მდგრადი და ინოვაციებისა და ახალი იდეებისთვის მუდმივ მზადყოფნაში მყოფი ქვეყანა იქნება. 

რა თქმა უნდა, განათლების რეფორმის შედეგები ხელშესახები იქნება არა მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდში. მოკლევადიან პერიოდს რაც შეეხება, აქ შესაძლებელია დაინერგოს უფრო მოქნილი პოლიტიკა, რაც მაგალითად, გადამზადების კურსების დანერგვას და უახლესი მეთოდების - ონლაინ სწავლების ინსტრუმენტების და სამსახურების ძებნის ახალი სისტემების შემოღებას მოითხოვს. 

ასეთივე მნიშვნელოვანია ეკონომიკურ აქტივობაში ქალების როლის გაძლიერებაც. მაგალითად, ერთ-ერთი უახლესი კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო კარგავს მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ს იმით, რომ ქალთა სათანადო ჩართულობა მიღწეული არაა. 

ქალთა გაძლიერებისთვის შესაძლებელია რამდენიმე ახალი სისტემის დანერგვა, მათ შორის, არსებობდეს უფრო მოქნილი სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა, მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი საბავშვო ბაღების სისტემა. ეს სისტემები ხელს შეუწყობენ ქალებს უფრო აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკურ ცხოვრებაში. 

მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პოეტის შოთა რუსთაველის სიტყვები, რომელმაც თქვა: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", - ამბობს სავალუტო ფონდის გენერალური დირექტორი. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები