12 ივნისს, "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრებმა მედეა მეტრეველმა და თამარ შავგულიძემ ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი განახლებულ ბიუჯეტს და კულტურისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ მძიმე კრიზისულ მდგომარეობას უკავშირდებოდა.
მედეა მეტრეველის განცხადებით, კულტურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მიერ 12 მაისს მიცემული საჯარო პირობის დარღვევით, რაც ახალი ანტიკრიზისული გეგმით სახელოვნებო სფეროს მაქსიმალურ ხელშეწყობას ითვალისწინებდა, ქართველი ხელოვანები ამჯერადაც მოატყუეს.
„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისთვის მიცემული პირობა და უახლოეს მომავალში წარმოადგინოს კულტურის სფეროს ეფექტური ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა.
„მოვუწოდებთ სამინისტროს, გაასაჯაროვოს 2020 წელს 20 მილიონიან პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა და დაასაბუთოს მათი მიზანშეწონილობა. ამავე წელს ანტიკრიზისულ გეგმაში მთავრობამ კულტურის მიმართულებით უსამართლოდ შეამცირა ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით.
პარალელურად, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი Check in Georgia გამარტივებული შესყიდვით, ყოველგვარი კონკურსების გარეშე ხორციელდება, ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოსაყენებელ წინასაარჩევნო ინსტრუმენტს წარმოადგენს. გაურკვეველია პროექტისთვის სოლიდური სახსრების მობილიზება, როდესაც პოსტპანდემიურ პერიოდში, მთავრობის რეგულაციებიდან გამომდინარე, შეზღუდულია კულტურული ღონისძიებები,“-განაცხადა მედეა მეტრეველმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, 12 მაისს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების აღიარებაზე ისაუბრა „ლელოს“ ლიდერმა თამარ შავგულიძემ.
„სამინისტროს წარმომადგენლებმა, იუნესკოს ინიციატივით გამართულ ვებინარზე, ფაქტობრივად, აღიარეს, რომ კულტურა და სახელოვნებო სფეროს წარმოამდგენლები მთავრობისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენენ და ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩნენ. კულტურის სამინისტროს გაუქმებამ და განათლების სამინისტროსთან შერწყმამ შექმნა ბიუროკრატიული ბარიერები. ოცნების მთავრობის მმართველობამ კი მოსახლეობას სიტყვა კულტურა და ხელოვნება დაავიწყა, რაც ჩვენი საზოგადების იდენტობის და სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელია“, - განაცხადა თამარ შავგულიძემ.
„ლელოს“ ლიდერის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია კულტურის განვითარების ხედვა.
შეშფოთებას იწვევს ბიუჯეტის ცვლილების შესახებ წარმოდგენილ დოკუმენტში კულტურის სფეროსადმი ხელისუფლების მიდგომა. ისინი კვლავ მექანიკურად ზღუდავენ კულტურის სფეროს აქტივობებს, ნაცვლად იმისა, რომ კულტურის დარგის შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმონ კულტურის დარგის ეტაპობრივი გახსნა.
მიმდინარე ხარჯების ნაწილში კი ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად მცირდება ყველა ის პროგრამა, რომელთა არგანხორციელება ან/და დროში გადაწევა მნიშვნელოვნად არ დააზიანებს სექტორს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრომ კი საჯარო მოხელეების გამოცდილებაზე დაყრდნობით ხელი შეუწყო პროგრამათა სელექციას.