პარტიებმა „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე გააჟღერა.
„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე“, – განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პრეზენტაციაზე. მისი თქმით, საქართველოს გადარჩენა აუცილებელია.
„გადავარჩინოთ საქართველო კიდევ ერთხელ დაპყრობას, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას. ამ ამოცანით ვიღვიძებთ და ამ ამოცანით ვიძინებთ“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ანა ბუჩუკურმა კი აღნიშნა, რომ ორი პოლიტიკური ძალის თანამშრომლობა საწყის ეტაპზეა და დარწმუნებულია, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.
„ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით“, – განაცხადა ბუჩუკურმა.




























