მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლენდლორდის” მოდელის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ პორტის აშენება, არამედ მისი კონკურენტუნარიანობის შექმნაც - სალომე დანელია

სალომე დანელია

ეკონომიკის დოქტორის და Hegelmann Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერის განცხადებით, ე.წ. "ლენდლორდის" მოდელი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტისთვის შეარჩია, მსოფლიოში მცირე და საშუალო ნავსადგურებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.

თუმცა როგორც “საქმის კურსის” ეთერში სალომე დანელიამ განაცხადა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდელი თავისთავად წარმატების გარანტიაა. დანელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწორად იყოს გაწერილი ისეთი საკითხები როგორიცაა მაგალითად, პორტის მარეგულირებელი ჩარჩო, კერძო კომპანიების მიმართ საინვესტიციო ვალდებულებები და ა.შ.

“ზოგადად, “ლენდლორდის” მოდელი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელი საშუალო და დიდ პორტებში. ამ მოდელის წარმატება განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს სტრატეგიულ კონტროლს, ინფრასტრუქტურას, ხოლო ამ დროს კერძო სექტორს შემოაქვს კაპიტალი, უზრუნველყოფს საოპერაციო სისტემას, ტექნოლოგიებს, საოპერაციო გამოცდილებას და საერთაშორისო კავშირებს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლენდლორდის მოდელი თავისთავად წარმატების გარანტიაა. ცხადია არა. აქ მნიშვნელოვანი არის სწორად იყოს გაწერილი კონტრაქტები, სახელმწიფო რეგულირების მექანიზმი, ასევე ამაშივე ვგულისხმობ საინვესტიციო ვალდებულებებს, მომსახურების ხარისხს, რასაც მოითხოვს გლობალური ბაზარი და ამავდროულად, “ლენდლორდის” მოდელის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ პორტის აშენება, არამედ მისი კონკურენტუნარიანობის შექმნა, კონკურენტუნარიანად ოპერირება გლობალურ ბაზარზე.

თუ გადავხედავთ ბაზარს, პორტების მუშაობას, მათ გამტარუნარიანობას და ასევე სხვადასხვა მოდელებს, თანამედროვე პორტი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა. ეს არის, მარტივად რომ ვთქვათ, ლოგისტიკური ეკოსისტემა, რომელიც ორიენტირებულია, “ლენდლორდის” მოდელი იქნება თუ სხვა, სახელმწიფო ორიენტირებულია, რომ შექმნას უპირველეს ყოვლისა პლატფორმა და კერძო ოპერატორებს მისცეს საშუალება, რომ საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე კონკურენტუნარიანი გარემო შექმნას გლობალურ ბაზარზე. ეს არის ის საკითხი, როდესაც მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ რამდენად სწრაფად მუშაობს საოპერაციო სისტემები, რამდენად დროულად ხდება ტვირთის მიწოდება, როგორ უკავშირდება გლობალურ ლოგისტიკურ გიგანტებს, ლოგისტიკურ კომპანიებს. ეს არის კომპლექსური ერთიანი სისტემა საპორტო, საოპერაციო სისტემა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოს რეგულაციებსა და საოპერაციო სისტემებს”, - განაცხადა სალომე დანელიამ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. მისი თქმით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პორტის 100%-იან მესაკუთრედ დარჩება, თავად დააფინანსებს და ააშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ნავმისადგომებსა და ტერმინალებს სხვადასხვა კერძო ოპერატორზე იჯარით გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები