ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე Lenovo-მ საზოგადოებას ახალი თაობის, გამჭვირვალე ლეპტოპი წარუდგინა.
17.3-ინჩიანი ლეპტოპი მთლიანად გამჭვირვალეა და მისი კორპუსი თითქმის სრულად შუშისგანაა დამზადებული.
ეკრანის წარმოების პროცესში გამოყენებულია MicroLED ტექნოლოგია, რომელიც ინდივიდუალური პიქსელების განათების და უკანა ფონის გამოჩენის საშუალებას იძლევა. თუკი მომხმარებელს სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, მას შეუძლია უკანა ფონი დაფაროს და მის წინაშე არსებულ კონტენტზე ფოკუსირდეს.
უცნაურია თავად ამ ლეპტოპის კლავიატურაც, რომელიც ფიზიკური არაა და ის შუშაზე არეკლილ პროექციას წარმოადგენს. Lenovo-ს წარმომადგენლობის განმარტებით, კლავიატურის მოქნილობა არტისტებს მისცემს იმის საშუალებას, რომ თავიანთი ლეპტოპი, სურვილის შემთხვევაში, სახატავ მაგიდად აქციონ.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს გამჭვირვალე ეკრანები Samsung-მა და LG-მაც წარადგინეს, თუმცა კორეული კომპანიების შემთხვევაში აქცენტი ტელევიზორებზე იყო, Lenovo-მ კი ნაბიჯი წინ გადადგა და აღნიშნული ტექნოლოგია ლეპტოპის შესაქმნელად გამოიყენა.
Lenovo ThinkBook Transparent-ის შეძენა ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ ის საბოლოო ვერსიასთან საკმაოდ ახლოსაა.