ბარსელონაში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Lenovo-მ გაწელვადი ეკრანის მქონე ლეპტოპი წარადგინა, რომელიც სტანდარტულ რეჟიმში 14-დუიმიანია, თუმცა ღილაკზე თითის დაჭერით მისი ეკრანის მოცულობა 16.7 დუიმს აღწევს, რაც საშუალო ზომის ლეპტოპისთვის კოლოსალური მაჩვენებელია.
ეკრანის გაწელვის შესაძლებლობას OLED-ტექნოლოგია იძლევა, რომლის მსგავსს დასაკეც და გასაშლელ სმარტფონებში ვხედავთ, თუმცა Lenovo-ს ლეპტოპის შემთხვევაში, ეკრანის გაშლის პროცესს ელექტრონული მოტორი უზრუნველყოფს.
უჩვეულოდ დიდი ზონის ეკრანის ქონის მიუხედავად, ThinkBook Plus Gen 6 Rollable PC-ის წონა 1.7 კილოგრამს შეადგენს, რაც დაუჯერებლად მსუბუქადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ასევე შთამბეჭდავად ჟღერს გამძლეობის ის მაჩვენებელი, რომელზედაც Lenovo-ს წარმომადგენლები საუბრობენ. კომპანიის მტკიცებით, ლეპტოპის ეკრანი სრულად გაწელვას და შემდეგ დაკეცვას 30,000-ჯერ ისე უძლებს, რომ მას არაფერი ემართება.
აქვე, შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, თუ ვის რაში სჭირდება გასაწელი ეკრანის მქონე ლეპტოპი? - როგორც Lenovo-ში განმარტავენ, ეს პროდუქტი დეველოპერებზე, დიზაინერებზე და იმ პროფესიონალებზეა გათვლილი, რომელთაც მონაცემების დამუშავება და მულტიტასკინგი უწევთ. ვინაიდან, ლეპტოპის ეკრანის ზომა უჩვეულოდ დიდია, ის ერთდროულად მეტი ფანჯრის გახსნის საშუალებას იძლევა, რაც მომხმარებლის პროდუქტიულობას ზრდის.
როგორც ცნობილია, ლეპტოპის ფასი $3,500-დან დაიწყება და ის ფლაგმანური პარამეტრებით იქნება აღჭურვილი, მათ შორის იქნება: Intel-ის უმძლავრესი პროცესორი, 32GB ოპერატიული და 1TB საერთო მეხსიერება. ამასთან, ლეპტოპს აქვს Copilot+, რაც იმას ნიშნავს, რომ ის Microsoft-ის AI-ით იქნება აღჭურვილი.

.jpg)




























