ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობის სამუშაოები ორ ეტაპადაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდება, ხოლო მეორე ეტაპზე, დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 796 767 მლნ ლარია. წინადადებების მიღება 5 მაისს დაიწყება და 10 მაისს დასრულდება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხან შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ, 2023 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ძუღარეშში (საიტი - ცანა 1) და სოფელ ყორულდაშში (საიტი - ცანა 3), პირველადი დაცვითი ღონისძიების სახით, უკვე განახორციელა ტერიტორიების შემოღობვის სამუშაოები, რითაც შეიზღუდა დაბინძურებულ ტერიტორიაზე ადამიანებისა და ცხოველების გადაადგილება. ამავდროულად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით, სოფელ ყორულდაშში (საიტი - ცანა 3) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის აშენების შესახებ. აღნიშნულ საქმიანობის განსახორციელებლად, სააგენტომ გაიარა კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა და, მიმდინარე წელს, მშენებლობის ნებართვა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ლენტეხის რაიონში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები და მომზადდა ანგარიშები; გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლების, მეცნიერების, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით.