მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლეოგრანდი": საგანგებო სიტუაციების სამსახურთან მოლაპარაკების რეჟიმში ვართ

5b7540d83a66c
თელარა გელანტია
16.08.18 13:16
971
სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) იურისტის კახაბერ წერეთლის განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურთან მოლაპარაკების რეჟიმშია.

საქმე იმაშია, რომ ხვალ, 17 აგვისტოს, 18:00 საათზე საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სასტუმრო „ლეოგრანდს“ დალუქავენ და მენეჯმენტი სტუმრების მიღებას ვერ შეძლებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნულის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ გაცემული 43 რეკომენდაციიდან, სასტუმროს მენეჯმენტმა მხოლოდ 3-4 რეკომენდაცია შეასრულა.

„ჩვენ ვართ მთავარი პასუხისმგებელი უწყება სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დაცვაზე და როცა შენობაში ათობით კრიტიკული პრობლემაა, მისი ფუნქციონირება არ შეიძლება და შეიცავს დიდ საფრთხეს, მითუმეტეს ზაფხულში, როცა ხანძრის რისკი მაღალია. სასტუმრო ისეთი მასალებითაა აშენებული, რომელიც სწრაფად აალებადია და შიგნით შიდა დაცვის მექანიზმები არ არსებობს; ასევე, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სასტუმროს არ აქვს კვამლსაწინააღმდეგო და გამწოვი სისტემები. 24-სართულიან შენობაში არ არსებობს ისეთი ტიპის დაცვის მექანიზმი, რომელიც ხანძრის შემთხვევაში, იქ მყოფ ადამიანებს გადარჩენის თუნდაც მცირე შანსს დაუტოვებს“, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი.

Bm.ge-ის კითხვაზე - რატომ არ ასრულებს „ლეოგრანდის“ მენეჯმენტი რეკომენდაციებს, სასტუმროს იურისტმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

„ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან. ვართ მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში და შესაძლოა, ახლა საუბარმა მოლაპარაკების პროცესს ავნოს“, - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები