მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლექსო ალექსიშვილი: საქართველოში ვალები უფრო მეტია, ვიდრე - ინვესტიციები

59cf67f562a58
BM.GE
30.09.17 14:15
2543
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის ამსახველი ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელია და ის BB მინუსს შეადგენს, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა კი "სტაბილურია". სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ, 3-წლიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებში ფონდმა, საქართველოს მთავრობის რეფორმების მხარდასაჭერად, დაახლოებით 285 მილიონი დოლარი გამოყო. სააგენტოს ექსპერტების შეფასებით, ფონდის ახალი პროგრამა დადებითად აისახება ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოტენციალზე, - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში "საქმის კურსი" PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლექსო ალექსიშვილმა ისაუბრა.

-ბატონო ლექსო, Fitch-მა რეიტინგში მთავარ სისუსტეებად საგარეო ფინანსები და საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესაძლო ზრდა დაასახელა, როგორ ფიქრობთ, მთავრობა მუშაობს თუ არა იმ მიმართულებით, რომ აღნიშნული სისუსტეები აღმოიფხვრას?

-უპირველესად, უნდა შევხედოთ თვითონ Fitch-ის ეს რეიტინგი რას ნიშნავს. Fitch-ის რეიტინგი არის ინსტრუმენტი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას განსაზღვრავს და შესაბამისად იმასაც, თუ რამდენად მყარია ქვეყანა საშინაო თუ საგარეო შოკების მიმართ. არსებული შეფასებით, საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა სტაბილურია და იგივე მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც წინა შეფასების დროს იყო. გაუარესებით არ გაუარესებულა და გარკვეული გაუმჯობესების რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არ არის. არის შეფასებები კონკრეტული რისკების მიმართ გაკეთებული და აღნიშნულ რისკებს თუ გავაანალიზებთ, ბუნებრივია, ისინი არსებობს და მათ შორის, არის რისკები: საგადამხდელო ბალანსის მიმართ და უცხოური ინვესტიციების შემოდინებების მოცულობები, რომელმაც მიმდინარე ანგარიში უნდა დააბალანსოს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, საერთო საგარეო ვალის მოცულობა, რომელიც სხვა ანალოგიურ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და ბუნებრივია, ამის ერთადერთი საპირწონე საკითხი, რასაც მისი გამოსწორება შეუძლია, ქვეყნის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერცერთს ვერ გამოვასწორებთ.

-Fitch-ის გლობალურობიდან გამომდინარე, აღნიშნული რეიტინგი რა სიგნალია ინვესტორებისთვის და საფინანსო ინსტიტუტებისთვის?

-ეს შეფასება ცალსახად პოზიტიური სიგნალია. ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით თუ განვიხილავთ, სომხეთსაც იგივე შეფასება აქვს დატოვებული და აზერბაიჯანი ნეგატიურად არის შეფასებული, რადგან აზერბაიჯანს ძველი პრობლემები მოყვება, მათ შორის, არის სავალუტო შოკებთან დაკავშირებული პრობლემები. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთან არა BB- მაჩვენებელი იყოს, არამედ უფრო მეტი BB, BB+ და ა.შ. მაგრამ არსებული მდგომარეობა არსებული მდგომარეობაა და ამას ვერსად გავექცევით. მთავარია ყურადღება იმ რისკებზე გავამახვილოთ, რომელზეც თავად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ამახვილებს. ეს რისკები დაკავშირებულია ისევე, როგორც საგარეო, ასევე საშინაო შოკებთან და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქცენტი საგარეო თემატიკაზეა გაკეთებული. ეს არა სახელმწიფო, არამედ მთლიანი საგარეო ვალის მოცულობაა. მეორე საკითხი კი საგადამხდელო ბალანსია.

-აზიის განვითარების ბანკის პროგნოზზე რას გვეტყვით, რომელიც გაუმჯობესებულია, ADB-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით გაიზრდება, ხოლო 2018 წლისთვის ზრდის ტემპები 4.5%-მდე დაჩქარდება...

- ფაქტია, რომ ჩვენ მიმდინარე წელი საკმაოდ ნორმალური გვექნება. ეს ის დაგეგმილი პროგნოზია, რომელიც ზრდის მაჩვენებლის მიხედვით იყო დაგეგმილი და ეს სავარაუდოდ 4.5%-ის დონეზეა, რაც ამ ვითარებაში ნორმალური მაჩვენებელია. სასურველია, რომ უფრო მაღალი იყოს, რადგან 4.5%-იანი ზრდა საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთი მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი არ იქნება, როგორიც ჩვენ გვინდა, განსაკუთრებით სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, 4.5%-იანი ზრდაც უნდა მივიჩნიოთ, რომ ორ მთავარ ფაქტორს მოყვა. ეს არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის დასტაბილურება ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში და საქართველოში სამეწარმეო გარემოს კარგი მდგომარეობა. მათ შორის არის ბანკების მდგრადობაც და არსებული ვითარება ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანაში 4.5%-იანი ზრდა არსებობდეს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინვესტიციებია. ვფიქრობ, ამ კუთხით დიდი ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ ვითარება კარდინალურად შეიცვალოს. ქვეყანაში ვალები უფრო მეტია, ვიდრე - ინვესტიციები, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საქართველო მაინც არ ითვლება იმ სანდო ქვეყნების რიგში, რომელთა კაპიტალში შესვლა უსაფრთხო იქნებოდა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე თუ რატომ ურჩევნიათ უცხოელ ინვესტორებს თანხები სესხად გაიღონ და არა კაპიტალში, რადგან მის მიმართ ნდობა მაღალი არ არის. ნდობას კი რამდენიმე ფაქტორი განსაზღრავს: საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუტები, მათ შორის, სასამართლო სისტემა და შრომის ბაზარი. რამდენად ადეკვატურია შრომის ბაზარი იმისთვის, რომ იქ ინვესტირებული თანხა ადეკვატურად მომგებიანი იყოს?! კვალიფიკაცია, განათლება, შრომის ეთიკა და ბევრი ასეთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომელიც შრომასთან არის დაკავშირებული. ჩვენ სამივე მიმართულებით გარკვეული პრობლემები გავქვს. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკითხი დიდი ხანია განიხილება და იგი აუცილებლად უნდა დავძრათ. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რადგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაცია აღარ მოხდება და გრძელვადიანი იჯარა იქნება და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რადგან საკითხი შუა გზაშია გაჩერებული. მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არიან. კერძო მესაკუთრის მფლობელობაში არსებულ მიწაზე რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება, აბსურდული გადაწყვეტილებაა. ამ თვალსაზრისით შეზღუდვა კარგი გადაწყვეტილება არ არის არც ერთი მიმართულებით, არც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, არც ინვესტიციების მოზიდვის და სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით და ა.შ. რამის ყიდვა-გაყიდვა კი ინვესტიციას არ ნიშნავს ცალსახად. ინვესტიცია კაპიტალში ფულის დაბანდებაა. გაყიდვა პირველი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ კაპიტალი შეიქმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები