სახელმწიფო უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის ანაზღაურება მაღალანაზღაურებადი და ფიქსირებული იქნება, მოწვეული პროფესორები კი ანაზღაურებას საათობრივი დატვირთვის მიხედვით მიიღებენ - ამას ითვალისწინებს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილება, რომელიც დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ლექტორების ნაწილი პროფესიული ნიშნით მოწვეული პროფესორების კატეგორიაში გადაინაცვლებს. გაბისონია ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაუშვებელი იქნება შეთავსებითი საქმიანობა, რადგან ხარისხზე ორიენტირებული პროცესი, აკადემიური პერსონალის სწავლების პროცესში სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. სწორედ ამ შემთხვევაში მიიღებენ ლექტორები მაღალ ანაზღაურებას.
„მაღალანაზღაურებადი პროფესორების ნაწილი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება პროფესურა, რომელიც კონცეტრირებული იქნება სასწავლო პროცესზე სრულად ყოველგვარი შეთავსებების გარეშე. ამ მიმართულებით, ჩვენ მზად ვართ რომ საკმაოდ დიდი ანაზღაურება გადავიხადოთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ვგულისხმობთ ანაზღაურების სახით, მაგრამ იმ პირობით რომ ისინი სრულად კონცენტრირებულნი იქნებიან სწავლის პროცესში, კვლევის და ახალი პროგრამების დანერგვის პროცესში, ასევე იმ მიმართულების მენეჯმენტს განახორციელებენ შესაბამისი დარგის პროფესორები. ეს გარკვეული ტიპის ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის პროფესიული ნიშნით არსებული პროფესურა მოწვეულ კატეგორიაში გადაინაცვლებს. აქაც გარკვეული ტიპის ცვლილებებს ვამზადებთ, რომლის მიხედვითაც მოვახდენთ იგივე კლასიფიკაციას დავაწესებთ, რომელიც აკადემიურ პერსონალს ექნება - ასისტენტ პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, სრული პროფესორები იქნებიან ანალოგიური პრინციპით მოწვეულ ნაწილში, მაგრამ აკადემიურ პერსონალში თუ ანაზღაურება იქნება ფიქსირებული და მაღალანაზღაურებადი, იქ მხოლოდ საათობრივი დატვირთვის პრინციპით იქნება.
ეს არ ეხებათ კერძო უნივერსიტეტებს, ამ პრინციპს ჩვენ არ ვცვლით - მათზე იქნება დამოკიდებული. რასაც ვაპირებთ ადმინისტრირების ხარისხის მიმართულებით გამკაცრებაა. აკრედიტაცია- ავტორიზაციის ნაწილში გვინდა რაც შეიძლება მაღალკონკურენტული პორგრამები იყოს როგორ სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის შოთა ბერეკაშვილის კითხვაზე - რამდენად შეეხება ცვლილებები სასწავლო პროგრამებს სახელმწიფო და კერძო სასწავლებლების ჭრილში, მან უპასუხა, რომ არსებული პროგრამები ფუნდამენტურ გადახალისებას მოითხოვს, რადგან დღეს ერთი მიმართულებით არსებული პროგრამების კოპირება ხდება.
„პროგრამებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ცვლილებები იქნება. პირველი მთავარი ცვლილება ის იქნება, რომ როდესაც ერთი ფაკულტეტი - ერთ ქალაქში პრინციპი განისაზღვრება, გარკვეული სპეციალიზაციების შეზღუდვა მოგვიწევს. რაც შეეხება არსებულ პროგრამებს, ვთვლით, რომ ფუნდამენტური გადახალისება სჭირდებათ. განათლების მოდელი მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება, აქედან გამომდინარე არსებულ პროგრამებში ძალიან ბევრი ცვლილებაა შესატანი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, და თქვენ იცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ასეთი ტიპის გამოწვევები დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტსაც და იმ TOP-10 უნივერსიტეტსაც აქვს, რომლებიც მსოფლიოში არსებობს, ყველას იგივე გამოწვევები აქვს. შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში უფრო მეტი გამოწვევაც იყოს. ამ ნაწილში პროგრამებს არამხოლოდ ახლა, არამედ ძალიან სწრაფ რეჟიმში მოუწევთ მუდმივად მოდიფიცირება და ჩვენი მოდელი იმას გულისხმობს, რომ დინამიკა ძალიან სწრაფი იყოს და 5,7,10-წლიანი ლოდინის რეჟიმი არ იყოს, როცა ერთი და იგივე პრინციპით ხდებოდა პროგრამების კოპირება. ჩვენ - ამ სისტემაში ვინც ვმუშაობთ, ყველამ ვიცით, რომ ასეთი მოდელები ხშირად კოპირდება, მაგალითად სამართლის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამები ძალიან ბევრი პროგრამა ძალიან ხშირ შემთხვევაში გადანაწილებულია ერთი და იგივე Copy-Paste-ს პრინციპით და უფრო მეტსაც გეტყვით, მათი განმახორციელებლები ერთი და იგივე ადამიანები არიან, ჩემი ჩათვლით. ამიტომ ამ ნაწილში მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.




























