მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ახვლედიანი: "კონტის" ანაკლიის პორტის პროექტში დაახლოებით, $5.5 მლნ აქვს დახარჯული

5db2f5dbc0781
თელარა გელანტია
25.10.19 17:14
855
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, „კონტი ჯგუფს“ ანაკლიის პროექტში დაახლოებით, $5.5 მილიონი აქვს დახარჯული.

როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 42%-იანი წილის მფლობელი "კონტი ჯგუფი" პროექტს აღარ დატოვებს და პროექტში რჩება, რაც ლევან ახვლედიანის შეფასებით, საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმების მიღწევაზე დადებით გავლენას იქონიებს.

“როგორც დღეს დავადასტურეთ განცხადებით, "კონტი ჯგუფმა" შეცვალა გადაწყვეტილება და გადაწყვიტა პროექტში დარჩენა. მისი წილი რჩება იგივე, რაც იყო ანუ 42%-ის ფარგლებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალიან დროული. ეს არის კერძო მოლაპარაკება პარტნიორებს შორის. როგორც ჩვენ გასვლის მიზეზებზე არ გავაკეთეთ განცხადება, არც ახლა გვაქვს უფლება, რომ ვილაპარაკოთ დარჩენის მიზეზებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ "კონტი" ადრე თუ გვიან თავად გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ის პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიგეთ ტენდერი, რჩება პროექტში და შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ფაქტორია. დანარჩენი ახალი პარტნიორების მოზიდვის კუთხითაც დადებითად ზეგავლენას იქონიებს. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, „კონტი ჯგუფს“ საქართველოში, ჯამში, დაახლოებით 8 მლნ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

"გარკვეულ პერიოდამდე ისინი (კონტი ჯგუფი) ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროექტში და აფინანსებდნენ კიდევაც პროექტის მიმდინარე ხარჯებს. რაღაც მომენტის შემდეგ მათ თქვეს, რომ თავს შეიკავებდნენ. საქართველოში მათ დაახლოებით $8 მილიონ დოლარამდე აქვთ ინვესტიცია განხორციელებული - არამარტო ანაკლიის პროექტში, რადგან ჩვენ მათთან ერთად სხვადასხვა პროექტები გვქონდა და გვაქვს. უშუალოდ ანაკლიის პროექტში კი, დაახლოებით $5.5 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული", - აღნიშნა ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები