"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ანაკლიის პორტის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში წევრების ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.
„დღეს დილით არასწორად გავრცელდა ინფორმაცია ანაკლიის პორტის კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოდან კურტ კონტისა და დიმიტრი აბდუშელიშვილის გასვლასთან დაკავშირებით. მინდა განვმარტო, რომ პორტის აქციონრებად რჩებიან კონტი ჯგუფი და თიბისი ჰოლდინგი თანაბარი, 42%-იანი წილებით. ასევე აქციონერები არიან Wondernet Express LLP და G Star LTD. ანაკლია ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მამუკა ხაზარაძე, წევრები - ბადრი ჯაფარიძე, ბობ მეიერი, დიმიტრი აბდუშელიშვილი. ხოლო კურტ კონტის საბჭოში სხვა წევრით ჩანაცვლების მიზეზია ის, რომ ანაკლიის პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა, გადაწყვეტილებების მიღება ხდება ძალიან სწრაფად და ეს საბჭოს მუშაობაში მისი წევრების ყოველდღიურ ჩართულობას ითხოვს. კურტ კონტი, რა თქმა უნდა, რჩება პროექტის აქციონერად და მის წილობრივ მონაწილეობაში არავითარი ცვლილება არაა. გარდა ამისა, ამერიკული კომპანია SSA Marine-ის, როგორც პორტის აქციონერის შემოერთება პროექტში დასრულდა და ფორმალიზდება და SSA Marine-ის ვიცე პრეზიდენტი ბობ ვოთერსი პორტის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდება’, - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
ცნობისთვის: ანაკლიის პორტის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები შევიდა. 2019 წლის 24 იანვარს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცვლილებები, რომელთა შედეგადაც "ანაკლია ჰოლდინგის" სამეთლაყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გავიდა კურტ კონტი. მის ნაცვლად საბჭოში შევიდნენ ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი. ანალოგიური ცვლილებები განხორციელდა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმშიც".

























