„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი იმედოვნებს, რომ კონსორციუმის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მალე დასრულდება და პროექტი საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებს.
„აბსოლუტურად ნორმალურია ის მოთხოვნები, რაც ჩვენ ბანკებმა წაგვიყენეს და ჩვენში ვგულისხმობ როგორც - კონსორციუმს, ისე - ხელისუფლებას, რადგან არ შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმია“ ამ პროექტის ბენეფიციარი. მთავარი ბენეფიციარი არის ჩვენი ქვეყანა. იმ გარანტიაზე რომ იყო ლაპარაკი, რომ ბანკები ტრაფიკის გარანტიას ითხოვენ, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, რადგან ბანკბი არასოდეს არ იღებენ ტრაფიკის გარანტიას და იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროექტის ბენეფიციარი არის ჩვენი ქვეყანა, ის მოთხოვნაც აბსოლუტურად ნორმალურია, რაც ბანკებს აქვთ. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესები მალე დასრულდება და ჩვენ მივაღწევთ იმ ფინანსურ დახურვას, რაც არის დაგეგმილი“, - განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ წარმოდგნილი მოთხოვნები კონსორციუმმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა.
„საერთაშორისო ინსტიტუტებმა საინვესტიციო ხელშეკრულების საერთაშორისო სამართლებრივი ანალიზის შედეგად წარმოადგინეს რიგი საკითხებისა, რომლებზეც სახელმწიფოსთან მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება მთლიანად მთავრობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მათ შორის არის ტვირთების რისკის გადასაზღვევად საჭირო სახელმწიფო გარანტია, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თვალსაზრისით, აუცილებელი მოთხოვნაა მათ მიერ მსგავსი პროექტებისთვის დაფინანსებისას, რადგან პროექტის ყველაზე დიდი ბენეფიციარი არის სახელმწიფო და მას აქვს სათანადო ბერკეტი, რომ სწორი სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ტვირთები. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს პორტამდე გზისა და რკინიგზის მიყვანა. ესეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რისი გარანტიაც ხელისუფლებისგან უნდა მიიღონ“, - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

























