„როდესაც გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით და ინვესტორები მხოლოდ ბოლო პუნქტზე ელოდებიან მთავრობის თანხმობას, ამ დროს, ფოთის პორტის საკითხის პედალირება არის ე.წ. კვანტის დადება ამ პროექტისათვის,“ - ამის შესახებ „საქმის კურსში“ იურისტმა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა.
ბოძაშვილის თქმით, ანაკლიის კონსორციუმის პროექტთან დაკავშირებით რეალური რისკები სახეზეა.
მისივე განმარტებით, ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროექტია, რომ საჯარო სფეროში ასეთი აჟიოტაჟის შექმნა ბუნებრივია, ინვესტორებზეც და ბანკებზეც უარყოფითად მოქმედებს.
„ისინი ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნეგატიურ ასპექტს ხედავენ, რომ ასეთ დროს მთავრობა არათანმიმდევრულია. ეს არათანმიმდევრულობა გამოიხატება იმაში, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, პოზიტივის წარმოჩენა ხდება. შექმნილი ვითარებაც იმის საშუალებას გვაძლევს, ლეგიტიმურად ვივარაუდოთ, რომ ინვესტორები ამ ყველაფრით შეშფოთებულები არიან;
მარტივი კითხვა დავსვათ - მთავრობას რომ ეს ყველაფერი უნდოდეს ასეთი ხელისგადაგრეხვის ან თავის მართლების პოზიციაში ყოფნა მოუწევდა?! მთავრობის მიმართ ეს კითხვები რატომ ჩნდება? ეს ხომ ლეგიტიმურია...
ამიტომ ბუნებრივია, იმაზე საუბარი, რომ კონსორციუმმა თავისი საქმე აკეთოს და ჩვენ არაფერ შუაში ვართ, აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას,“ - განმარტა საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა.
ბოძაშვილის განცხადებითვე, ინვესტორებისთვის დამატებითი სტიმულია საჭირო.
„ინვესტორები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ყველაფერს შიშით უყურებენ. იცით, რომ ასეთი თანხის ინვესტირება დაკავშირებულია ძალიან დიდი სკრუპულოზურ დაკვირვებასთან, როგორც - მთავრობის, ისე განმახორციელებლის მოქმედებაზე. საზოგადოებამ ისიც არ ვიცით, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით ასეთი ნებართვა უნდა გაცემულიყო. ეს ინვესტორებისთვის არ არის საკმარისი სტიმული მთავრობის მხრიდან, რომ პასუხისმგებლობა აიღო და სააგენტოს დირექტორი გაათავისუფლა, რადგან აქ გრიგოლ კაკაურიძე არის შუა რგოლი და გადაწყვეტის მიმღები არ არის“, - განმარტა ლევან ბოძაშვილმა.
ცნობისთვის: რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიერ გათავისუფლებულმა გრიგოლ კაკაურიძემ, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრძანება მინისტრთან შეუთანხმებლად გამოსცა.
„მინდა დავადასტურო, რომ „ეიპიემ ტერმინალსისთვის“ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების თაობაზე გადაწყვეტილება ნამდვილად ჩემ მიერ იქნა მიღებული; ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნვა უშუალოდ მე არ ჩამიყენებია საქმის კურსში; იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში, ამას ვადასტურებ და დღეის მდგომარეობით, ეს ბრძანება ძალადაკარგულად არის გამოცხადებული“, - განაცხადა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ.

























