გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დარგში არსებულ მიღწევებზე USAID-ის 5-წლიანი პროექტის (REAP) ოფიციალური დახურვის ცერემონიალზე ისაუბრა.
ლევან დავითაშვილმა USAID-ს მავნებელთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში USAID იყო პირველი, ვისგანაც ჩვენ მივიღეთ დახმარება. ეს ის გამოწვევაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში რჩება სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ პირველ საფრთხედ. საქართველოში, სახელმწიფოსა და თქვენი პროექტის კარგი თანამშრომლობით შევძელით შედეგების მიღება. ვფიქრობ, რომ წელს კონტროლში მოვაქციეთ მავნებლის პოპულაცია და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დიდი ნაწილის გადარჩენას მოვახერხებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება REAP-ის პროექტს, ის საგრანტო და ტექნიკური დახმარების კომპონენტებისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებშიც 6 მილიონი დოლარის მოცულობის გრანტი 70 ქართულ აგრო-წარმოებას მოხმარდა.
"ეს იყო წარმატებული მუშაობის 5 წელიწადი და აღსანიშნავია, რომ ეს არის საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობის ღირებული მაგალითი. აღნიშნული პროექტის დახმარებით, ქართველმა ფერმერებმა გაზარდეს საკუთარი პროდუქციის ხარისხი და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.