მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან დავითაშვილი IMF-ის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

IMF

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრეს .

"სამუშაო ფორმატში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მაჩვენებლები, არსებული პროგნოზები და ისაუბრეს იმ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს ეკონომიკური ზრდისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორების მნიშვნელოვან მიმართულებებზე, მათ შორის ისაუბრეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის განვითარებაზე და იმ პროექტებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ამ კუთხით აქტიურად მუშაობს" - წერს უწყება.

შეგახსენებთ,გუშინ, IMF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში შეჩერებული პროგრამის აღდგენაზე მისიის ფარგლებში საუბარი არ იქნება.

2023 წელს IMF-მა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. ფორდმა პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რამაც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები