ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ "ჯანდაცვის შესახებ კანონში" ცვლილებებით მაკონტროლებელი მექანიზმების გასწორება ხდება.
საქმე ის არის, რომ პარლამენტი მსჯელობს „ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებების პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი ნაწილი კლინიკებსა და ფარმაცევტულ კომპანიებში სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლების გაუფრთხილებლად, სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლას გულისხმობს. BMG დაინტერესდა, რამდენად სწორია კანონის მიღება იმ ფონზე, როცა დარგის თითქმის ყველა წარმომადგენელი ამის წინააღმდეგია, როგორც კლინიკები, ისე ფარმაცევტთა ასოციაცია, რომელმაც დღეს გაავრცელა განცხადება.
„ძალიან კომპლექსური საკითხია, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს ეკონომიკური საკითხებთან და მეორე მხრივ, ეს არის ძალიან სპეციფიკური დარგი და არ შეიძლება ისე განვიხილოთ, როგორც სხვა ნებისმიერი დარგი ეკონომიკის და ჩვენ აქ სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე, რაც ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ჯანდაცვის სამინისტროს მეტი კომპეტენცია გააჩნია და ეს დაუგროვდა გამოცდილების ხარჯზე, არსებული პრობლემებიდან გამომდინარე და ის მარეგულირებელი ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა და პარლამენტმა უნდა მიიღოს, დაფუძნებულია იმ პრაქტიკაზე, რომელიც ამ სფეროში არის კონტროლის კუთხით. კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ეს ნაბიჯები ალბათ გარდაუვალია, გამომდინარე იქიდან, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აღსრულების პროცესში აწყდებოდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, არ შეიძლება სხვა სტრუქტურებში მაკონტროლებელ ორგანოებს უფრო მეტი უფლებები ჰქონდეს, ვიდრე ყველაზე მგრძნობიარე - ჯანდაცვის სტრუქტურის მაკონტროლებელს.
„მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტო, როცა არსებობს გარკვეული ეჭვები და რისკები, მყისიერად იღებს გადაწყვეტილებას, სხვა მარეგულირებლების შემთხვევაშიც ასეა. როცა ეჭვი ჩნდება, მარეგულირებელი იღებს გადაწყვეტილებას რისკზე დაფუძნებით, წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ეს არ გვქონოდა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დროში მოქნილი. ეს არის ეფექტიანი კონტროლის პროცესი, რომელიც არსებობს უამრავ დარგთან მიმართებით. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ხდება ადამიანის სიცოცხლესთან კავშირში მყოფი მაკონტროლებელი მექანიზმების გასწორება", - განაცხადა დავითაშვილმა.