მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი ქართული ფლოტის აღდგენას აანონსებს

ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ფლოტის აღდგენას აანონსებს. „რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ქართული ფლოტი აღდგენილია“, - თქვა მან მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მინისტრის ინფორმაციით, ქართული ფლოტის აღდგენა-განვითარების მიზნით მისი უწყება აქტიურად მუშაობს.

„ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვაქვს არაერთი ინიციატივა, რათა ჩვენი პროფესიონალი, ღირსეული მეზღვაურები არამხოლოდ სხვა ქვეყნების მცურავ საშუალებებზე დასაქმდნენ, არამედ მათ საშუალება ჰქონდეთ, ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ქართული ფლოტი აღდგენილია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ქართული ფლოტის აღდგენის გეგმის შესახებ მეტი დეტალის გასარკვევად, BMG-მ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა.

25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) დიპლომატიური კონფერენციის გადაწყვეტილებით 2010 წელს გამოცხადდა, საქართველო მას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასა და სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად იზრდება მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი - საქართველოს 18 000-ზე მეტი აქტიური მეზღვაური ჰყავს, რომელთაც უკვე 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს რიცხვები ადასტურებს ქართველ მეზღვაურთა როლს და კონტრიბუციას საქართველოს ეკონომიკაში.

„ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ საზღვაო სერვისების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, მათ შორის სანავსადგურე სექტორში. წარმატებით შესრულდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წინაშე ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულება და საქართველომ 2024 წლის 1-ლ იანვარს "ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა" საპილოტე რეჟიმში გაუშვა“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები