პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ელჩების კონფერენციაზე გამოსვლისას მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა შექმნის შესაძლებლობას, თანდათანობით შემცირდეს სხვაობა საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავითაშვილმა განაცხადა, რომ "გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართე რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის“.
ამასთან, გამოსვლაში დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში სიღარიბის, უმუშევრობის დონის შემცირებისა და დასაქმების ზრდის ტენდენციებს.
კახეთში გაიმართულ ღონისძიებაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
„პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა ყველა საგარეო შოკს და საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართე რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. 2021-2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2023 წელს კი რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.8% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური აქტივობა მიმდინარე წელსაც გრძელდება - იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 10% იყო. ჩვენი შეფასებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდა 9%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2025 წელს 6%-ს გაუტოლდება",- თქვა დავითაშვილმა.
მისივე განცხადებით, მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს.
"აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობა ფინანსებზე. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ყველა კომპონენტში. მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება ძალისხმევა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობის, არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისების და წარმოებისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის მიმართულებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
სამინისტროს თანახმად, მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის შესაძლებლობებისა და შეფარდებითი უპირატესობების ეფექტიანი გამოყენება, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას და ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას. ამ კუთხით მინისტრმა ხაზი გაუსვა ისეთ მსხვილ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის თვისებრივ გაუმჯობესებას - მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის ახალი აეროპორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ინვესტიციები განახლებად ენერგიაში. ლევან დავითაშვილმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რკინიგზის მოდერნიზაციის, პირველი ტექნოლოგიური ჰაბის, ევროკავშირთან შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლის ხელშეწყობის, ინტერნეტიზაციის, გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების, შიდა აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებისა და სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.
„მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება მარეგულირებელი ფუნქციის მქონე გენერაციის პროექტების განვითარება - მომდევნო 4 წელიწადში დაგეგმილია 3 500 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის გენერაციის ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, ხოლო 2030 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 5 500 მეგავატს გადააჭარბებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.