„წელს თხილის მოსავალი ჭარბი და ხარისხით გამორჩეული იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამეგრელოში, მეთხილე ფერმერებთან შეხვედრაზე.
როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, ლევან დავითაშვილი სამეგრელოს მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა ხობში ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თხილის წლევანდელი მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის, დაბინავების და ექსპორტის საკითხები განიხილეს.
„ბოლო წლებში თხილის სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი მუშაობით, ეს სირთულეები დაძლეულია. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2020 წლის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით, გამორჩეულად კარგი იქნება. საერთაშორისო ბაზრების წლევანდელი ტენდენციების თანახმად, მოსალოდნელია საკმაოდ მაღალი ფასი, შესაბამისად, 2020-21 წლების სეზონი ფერმერებისთვის ფინანსურადაც წარმატებული უნდა იყოს. მოსავლის აღება რამდენიმე დღეში დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და ბოლო წამლობა, ბოლო ოპერაციები ჩავატაროთ პასუხისმგებლობით და იმ პროტოკოლის დაცვით, რომელიც განვსაზღვრეთ. თხილის სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს ეკონომიკაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ღირებულებაში $100 მილიონს გადავაჭარბებთ და, დაახლოებით, 55 ათასი ტონა ხარისხიანი თხილის მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თავის მხრივ, მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ იმედი გამოთქვა, რომ ქართული თხილი ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასით ევროკავშირის ბაზარზე ძველ პოზიციებს დაიბრუნებს.