ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე სამი პირი – გ.მ., გ.კ. და მ.ბ. – დააკავეს, საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს – გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.
სირაძის თქმით, დ.მ. და გ.მ. ლ.ჯ.-სთან ბიზნესსაქმიანობასა და სხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ და პირადი მტრული მოტივით მისი მკვლელობის ორგანიზება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, მათ გ.ჯ.-ს დახმარება სთხოვეს მკვლელობის შესასრულებელი პირის მოძიებაში.
"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, გ.მ ბიზნესმენი გიორგი მიქაძეა
გამოძიების ინფორმაციით, გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი გარკვეული თანხის სანაცვლოდ დასთანხმდა დაგეგმილი მკვლელობის განხორციელებაზე. გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთი გ.უ.-ს გადაეცა.
14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, გ.უ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა და მის თანმხლებ პირს სხეულის დაზიანება მიაყენა.
საქმეზე უკვე ჩატარებულია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ნივთიერი მტკიცებულებები.
სირაძის განცხადებით, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დაუდგენელი პირების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.




























