"თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით მომავალ კვირაში პარლამენტში მოუსმენენ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ისე საკანონმდებლო ორგანოში მისვლას გეგმავენ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
დეპუტატებს კითხვები ორივე მხარესთან აქვთ. უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე bm.ge-თან აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მისამართით უხერხული კითხვების დასმასაც აპირებს.
"ეროვნულ ბანკთან მაქვს საკმაოდ ბევრი კითხვა. ვფიქრობ, მათთვის რამდენიმე იქნება უხერხული კიდევაც, რადგანაც ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა, რომელიც საბანკო სექტორში მთლიანად ჯანსაღ პროცესებთან და ბანკების მხრიდან რაიმე, შესაძლო სხვადასხვა სახის დარღვევებთან დაკავშირებით, პირველ რიგში ეროვნულ ბანკში უნდა ინთებოდეს წითელი სიგნალი, მით უმეტეს, 11 წელია გასული", - აცხადებს კობერიძე.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მიერ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, კობერიძის შეფასებით, ხაზარაზემ პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძემ როგორც გამოცდილმა ბიზნესმენმა, ძალიან პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი ეს ნაბიჯი ხსნის რისკებს "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, სარეპუტაციო რისკებს პირველ რიგში და ხელს შეუწყობს ანაკლიის პროექტზე მის კონცენტრირებას. მეორეს მხრივ, ეს ნაბიჯი ვიმედოვნებ, რომ დაეხმარება მას საჯაროდ უფრო აქტიურად ისაუბროს ყველა კითხვაზე, რომელზეც ისედაც აპირებდა საუბარს, მაგრამ ახლა უფრო მეტი თავისუფლების ხარისხით ისარგებლებს", - აცხადებს უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე.

























