მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძე გერმანიაში დასაქმების პროგრამის მონაწილე სტუდენტებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა

5f2053793ce70
BM.GE
28.07.20 21:00
931
ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს, მათივე თხოვნით, კიდევ ერთხელ შეხვდა, სადაც იმსჯელეს საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებზე, რომლების მსოფლიო პანდემიამ მოიტანა.

საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საზაფხულო არდადეგებზე ე. წ. დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და ზაფხულის არდადეგებზე რეგულარულად მიემგზავრებიან გერმანიაში სამუშაოდ, სადაც მათ გარანტირებული სამუშაო ადგილები და დამსაქმებლები ელოდებიან. პანდემიის გამო კი, ვინაიდან ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლები შეწყდა, მათ გადაადგილების პრობლემა შეექმნათ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ სახელისუფლებო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით, 25 ივლისს პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა და სტუდენტების ნაწილი გაემგზავრა გერმანიაში. ლევან კობერიძემ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის წვლილი ახალგაზრდების პრობლემის მოგვარებაში.

„სტუდენტებთან ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, როდესაც ეს საკითხი დავაყენე პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე მაშინვე გამოეხმაურა მას, ეს საკითხი ასევე გულთან ახლოს მიიტანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ჩართულობით, შევძელით, რომ პირველი ჩარტერული რეისი შემდგარიყო და სტუდენტების ნაწილმა, დაახლოებით 170-მა ახალგაზრდამ, ვისაც ჰქონდა სამუშაო მოწვევა და ელოდებოდნენ დამსაქმებლები გერმანიაში, მოახერხეს რომ ამ რეისით გაფრენილიყვნენ საკმაოდ შეღავათიან ფასად. ძალიან კარგია, რომ მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი შრომით გამოიმუშაონ თანხა, რომელსაც შემდეგ აქ, საქართველოში, საკუთარ თავს მოახმარენ, მათ შორის, სწავლის გადასახადში და ა. შ.“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ამ ერთი რეისის მიუხედავად, საკმაოდ დიდი რაოდენობაა სტუდენტების, როგორც უმაღლესი სასწავლებლების ასევე კოლეჯების, ვინც საზაფხულო სამუშაო ვიზა მიიღო და დამსაქმებლები ელოდებიან. საუბარია დაახლოებით 500-მდე სტუდენტზე.

შეხვედრაზე ლევან კობერიძე ახალგაზრდებს დაპირდა, რომ საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, როდესაც დაზუსტდება გამგზავრების მსურველი იმ სტუდენტების რაოდენობა, ვისაც მოწვევები აქვს, კვლავაც გაუწევს თანადგომას და საკითხს დააყენებს სამთავრობო სტრუქტურების წინაშე, რათა მათი დახმარებით და ხელშეწყობით, საჭიროების მიხედვით, მოხდეს ჩარტერული რეისის დანიშვნა გერმანიის მიმართულებით.

ლევან კობერიძემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა კვლავაც ისევე გულისხმიერებით მოეპყრობა ამ საკითხს, როგორც წინა შემთხვევაში და სახელმწიფო ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები