მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან მეხუზლა: "აკურას" მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ აქტივები, რასაც ქონების ჩამორთმევამდე ფლობდნენ

5f6ed1bc79332
BM.GE
26.09.20 09:25
1314
ღვინის ქარხანა, რომელიც გასული 16 წლის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფებოდა, მფლობელს უბრუნდება.  სს "აკურას" გადაცემის პროცესის შესახებ გადაცემა "ანალიტიკისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. BMG-სთან საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მეხუზლა ამბობს, რომ "აკურა" მის ყოფილ მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ მხოლოდ იმ აქტივების სახით, რასაც ისინი 2004 წლამდე, ანუ ჩამორთმევამდე ფლობდნენ. სახელმწიფო ოპერირების დროს დაგროვილი ქონება კი მთავრობის მიერ ახალ დაფუძნებულ კომპანიას, "მოსავლის მართვის კომპანიას" გადაეცემა.

"ამჟამად მიმდინარეობს კომპანიის კერძო მესაკუთრეებისთვის გადაცემის პროცესი. თავად გადაცემა უნდა მოხდეს იმ აქტივების, გათვალისწინებით, რაც ამ კომპანიას ჰქონდა ჩამორთმევამდე. რაც შეეხება იმ აქტივებს, რომლებიც კომპანიამ სახელმწიფო საკუთრებაში ოპერირების დროს დააგროვა, ეს აქტივები გადადის ახალდაფუძნებულ შპს "მოსავლის მართვის კომპანიაში,"-ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი,"- ამბობს ლევან მეხუზლა. 

BMG-სთან საუბარში ქარხნის ყოფილი მეწილე, თეიმურაზ მეგრელიშვილი ამბობს, რომ კომპანიის განვითარების გეგმებზე, "აკურას" აქტივების გადაცემის შემდგომ იმსჯელებენ. 

“როდესაც კომპანიის გადმოცემა გადაწყდება, ჩვენ განვიხილავთ სამომავლო საქმიანობის საკითხს, მე მიმაჩნია, რომ ამ ღვინის ქარხნის შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, რადგან სიმძლავრით, "აკურას" ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია კახეთის რეგიონში", - ამბობს თეიმურაზ მეგრელიშვილი.

სს "აკურა" სახელმწიფო საკუთრებაში 2004 წელს გადავიდა. რამდენიმე წლის წინ ობიექტი ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში - ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეებში ფიგურირებდა. სასამართლო მასალების თანახმად, სახელმწიფოს ხელში ღვინის ქარხნის გადაცემა კი კანონდარღვევით მოხდა. წარსულში კომპანიის აქციონერები ფიზიკური პირები თეიმურაზ მეგრელიშვილი და ნოდარ მოდებაძე იყვნენ, ქარხანას კი, “საქართველოს საზღვაო ბანკის” ვალი ჰქონდა, რომელიც ამავე პერიოდში ლიკვიდაციის პროცესში იყო.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას კომპანია “აკურას” მეშვეობით ახდენდა. “აკურას” გავლით სახელმწიფო მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის გზით ყიდულობდა ყურძენს, რის შემდეგაც კომპანია სპირტსა და ღვინო მასალას აწარმოება.

"აკურას" მეშვეობით სახელმწიფომ 2016 წელს 35 მილიონი ლარის ყურძენი, 2017 წელს 40 მილიონი ლარის ყურძენი, 2018 წელსაც 40 მილიონი ლარის ყურძენი, 2019 წელს კი 80 მილიონ ლარამდე მოცულობის ყურძენი შეისყიდა. 2020 წლის რთველში კი სახელმწიფო გამარტივებული წესით კომპანიის მეშვეობით დამატებით 35 მილიონი ლარის მოცულობის ყურძნის შესყიდვას გეგმავს. ამასთანავე, ყურძნის შესყიდვა ახალ დაფუძნებული კომპანიის შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერაც მოხდება, რომელიც 15 მლნ ლარის ყურძენს შეისყიდის. 

BMG-სთან საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ 35 მილიონი ლარის ყურძენი, რომელსაც "აკურა" სახელმწიფო დაფინანსებით შეიძენს, ასევე "მოსავლის მართვის კომპანიის" საკუთრებაში გადავა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები