"მსოფლიოში ხორბალზე ფასის ზრდის ტენდენცის მიუხედავად, უახლოეს ორ თვეში საქართველოში ფქვილის გაძვირებას არ უნდა ველოდოთ" - ამის შესახებ Bm.ge-ს "ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა. მისი განმარტებით, თუ ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება არ მოხდა, ფქვილი არ გაძვირდება. ამჟამად, ერთი ტომარა (50 კგ-იანი), პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 34-37 ლარამდე მერყეობს. მისი განმარტებით, შესაძლოა, ფასის უმნიშვნელო ცვლილება მოხდეს, მაგრამ მკვეთრი გაძვირება არ იქნება.
"რადგან საქართველოში გარდამავალი მარაგები არსებობს, უახლოესი თვეების განმავლობაში, ფქვილის ფასი სტაბილური იქნება. მთავარია არ მოხდეს ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება, რადგან ის იმპორტზე პირდაპირ აისახება. თუ მოხდა ძალიან დიდი ძვრები, ანუ საექსპორტო ფასიც გაიზარდა და ვალუტაც, მაშინ გაძვირება გარდაუვალი იქნება“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.
სილაგავას განმარტებით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში მარცვლეულის მოსავლიანობის კუთხით საკმაოდ დაძაბული ბალანსია. ამჟამად გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, წელს ავსტრალიაში ორჯერ ნაკლებ მოსავალს ელოდებიან, ევროპაში კი, კერძოდ საფრანგეთსა და გერმანიაში, რომელიც ამ მიმართულებით წამყვანი ქვეყნები არიან - 20%-ით ნაკლებს. მისივე თქმით, გუშინ გერმანიის ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდა და სახელმწიფოს ფერმერების სუბსიდირებისკენ მოუწოდა.
შემცირებულია მარცლეულის მოსავალი რუსეთსა და უკრაინაშიც. მათ შორის რუსეთში წელს 100 მილიონ ტონა მარცვლეულს ელოდებიან, ანუ 30 მილიონი ტონით ნაკლებს ვიდრე შარშან, მათ შორის ხორბლის მოსავალი 70 მილიონი ტონა იქნება. თუმცა, სილაგავას თქმით, რუსეთს ბოლო ორი წლის განმავლობაში რეკორდულად დიდი მოსავალი ჰქონდა, შესაბამისად წლევანდელი შემცირება მათ მძიმე ტვირთად არ დააწვება. რუსეთის ხორბლის საექსპორტო ფასი უკვე ზრდისკენ დაიძრა და ამჟამად ტონაზე 205 დოლარის ფარგლებშია, გასულ წელს კი - 180-185 დოლარს შეადგენდა.
"საქართველო ძირითადად რუსული ხორბლის იმპორტზეა დამოკიდებული, ანუ მოხმარებული ხორბლის 90% რუსულია, ქართულ ხორბალს კი მთლიან მოხმარებაში 10% უკავაია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წელს საქართველოში 300 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. ამის დათვლა მექანიკურად მოხდა, 90 ათასი ჰექტარი მიწაა მოხნული, ჰექტარზე სავარაუდოდ 3 ტონა მოსავალს ითვალისწინებენ. გასულ წელს 200 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი მოვიდა. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ამ ხორბლის დიდი ნაწილი სასურსათოდ უვარგისია. წისქვილკომბინატებს კი სასურსათო ხორბალი სჭირდებათ, რაც მინმუმ მე - 3 და მე-4 კლასის უნდა იყოს, მაგრამ შარშან, ასეთი კატეგორიის ხორბალმა, მთლიანი მოსავლის მხოლოდ 15% შეადგინა. წელსაც არ ველოდებით უკეთეს შედეგს. ჯერ-ჯერობით ხარისხობრივი მაჩვენებელი არც ისე მაღალია, რაც ხორბალში წებოგვარას და იდეკას შემცველობით განისაზღვრება. ხორბლის აღება კახეთში თითქმის დასრულდა, ეხლა იწყება შიდა და ქვემო ქართლში და შემდეგ ჯავახეთში" - განაცხადა ლევან სილაგავამ.
როგორც სილაგავა განმარტავს, ეს ფაქტორი ხელს უშლის სავაჭრო პარტიების ჩამოყალიბებსაც, რადგანაც ჩვენთან მცირე მეურნეობებია, სადაც ცოტა და არაერთვაროვანი ხორბალია. ეს მაშინ, როდესაც რუსეთიდან შემოსული ხორბლის მინიმალური პარტია 3 ათასი ტონაა. წისქვილკომბინატებს კი ტექნოლოგიურად სტაბილური ხარისხის და რაოდენობის ხორბალი სჭირდებათ, რადგან შემდეგ პურის საცხობები ფქვილით მოამარაგონ.

























