მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძის აზრით, ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანის საგადასახადო შეღავათებს სავარაუდოდ, არაერთი კომპანია გამოიყენებს

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მას ჰქონდა კომუნიკაცია ოფშორებში რეგისტრირებულ არაერთ კომპანიასთან და ისინი სწავლობენ შესაძლებლობას, რომ აქტივები საქართველოში გადმოიტანონ. საკითხზე მან BMGTV-ის ეთერში, გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ამ ნორმით ჩვენ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაზე, როცა კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი აქტივები, კაპიტალი გადმოიტანონ ქართულ იურისდიქციაში და ამით ქვეყნის შიგნით საქმიანობა გააფართოონ. ფაქტია, ჩვენ ბიზნეს ასოციაცია ვართ და ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი, რომელმაც შეიძლება ბიზნესის საინვესტიციო აქტივობა გაზარდოს, ყოველთვის მისასალმებელია. თუმცა ფაქტია, დისკუსიამ ამ ნორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონტექსტი შეიძინა და პოლიტიკური დებატების ნაწილი გახდა. ჩვენ ამ დებატებში ვერ შევალთ, არც შევსულვართ და არც შევალთ პოლიტიკურ დისკუსიაში. ჩვენ ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად მივყვებით ხოლმე. ვხედავთ იმას, რომ დედაკომპანიების დიდი ნაწილი სწორედ ოფშორებში რეგისტრირებულია, ოღონდ ხაზგასასმელია, რომ 99% არის თეთრი ოფშორები, სადაც მიკვლევადობა ამ კომპანიების საქმიანობის, ბენეფიციარი მესაკუთრეების ძალიან მარტივია. ესენი იქ იყვნენ, რადგან წლების განმავლობაში თავს გრძნობდნენ უფრო დაცულად და იქ არის უფრო მეტად მოქნილი საგადასახადო რეჟიმი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისი შეფასებით, თუკი საქართველოში გარემო შეიცვალა და რისკები შემცირებულია, ბარიერი მოიხსნება და კომპანიები უკან დაბრუნდებიან, ეს მისასალმებელია.

„მე მქონდა კომუნიკაცია ამ[ოფშორებში რეგისტრირებულ] კომპანიებთან, მათ შორის სატელეფონო და მითხრეს, რომ ჩვენ ვსწავლობთ ამ შესაძლებლობას, თუ როგორ იქნება ეს შესაძლებლობა დანახული ჩვენი მხრიდანო. აქ საუბარია ოფშორული კომპანიიდან იმ ქართული კომპანიებისთვის აქტივების გადაცემაზე, რომელთა მფლობელებიც 100%-ით ერთი და იგივე პირები არიან. ამ ნაწილში ეს პროცესს საკმაოდ გამჭვირვალეს გახდის და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე დარწმუნებული ვარ, ერთი და ორი კომპანია არ იქნება, რომელმაც ეს შესაძლებლობა შეიძლება გამოიყენოს", - თქვა მან.

ლევან ვეფხვაძის თქმით, კომპანიები ამ ნორმას სწავლობენ და იმის მიხედვით გამოიყენებენ შესაძლებლობას, როგორც წაადგება.

წამყვანის კითხვაზე, იქნება თუ არა დამაზიანებელი ქვეყნისთვის რეპუტაციულად, ლევან ვეფხვაძე პასუხობს, რომ აქ საუბარია არა ოფშორში რეგისტრირებულ ნებისმიერ კომპანიაზე, არამედ იმაზე, რომ აქტივების გადმოტანა უნდა მოხდეს ამ კომპანიიდან ოფშორებიდან ქართულ კომპანიაში.

„ამ კუთხით ძალიან მკაფიოდ არის ჩაკეტილი და სტანდარტი, რომ რისკები არ იყოს. ჩემი გამოცდილებით, საგადასახადო შეღავათების საკითხი არის ხოლმე ყოველთვის სიურპრიზი და არასდროს წინასწარ არ ცხადდება. ეს რომ ვიღაცას წინასწარ სცოდნოდა, აქ დააფუძნებდა კომპანიას და მერე გამოიყენებდა. ამიტომ ეს ყოველთვის სიურპრიზია ბიზნეს-ოპერატორებისთვის“, - ამბობს ვეფხვაძე.

ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა