მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ვეფხვაძე: პანკისის მოვლენებმა სხვა ჰესებისთვის დომინოს ეფექტი გამოიწვია

5d172af8cd319
დავით ჯალაღონია
29.06.19 15:15
1744
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პანკისში მცირე ჰიდროელექტროსადგურის – "ხადორი 3"–ის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი სხვა რეგიონების მაცხოვრებლებისთვის გადამდები აღმოჩნდა.

"სამწუხაროდ, პანკისმა დომინოს ეფექტი გამოიწვია და ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მოსახლეობა ერთ ადგილას გამოვიდა, გააპროტესტა და შეაჩერა მშენებლობა და ეს ერთ ადგილას მოხდა, რატომ არ შეიძლება რომ სხვაგან მოხდეს და შესაბამისად, დომინოს ეფექტი არის ის, რომ ყველა სხვა რეგიონში კიდევ უფრო გამწვავდა პრობლემები.

თუკი ხელისუფლების წარმომადგენელმა (შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში განაცხადა) საჯარო სივრცეში თქვა, რომ მოსახლეობის 90% თუ თანახმა არ იქნება, არ აშენდება, ამ 90%–ს ახლა ყველა ხეობაში, სოფელში ითხოვენ სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მშენებლობა. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ თავის დროზე ვაშენებდით დიდ ხუდონს, რომელზეც ვთქვით, რომ ეს არ გვინდა და დავიწყოთ მცირე და საშუალო ზომის ჰესები. გადავედით ამ ჰესებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ ვაკეთებთ, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგია. ახლა მთავარია გავარკვიოთ, სად მივდივართ – ან ერთი, ან მეორე გზით უნდა წავიდეთ.

საბოლოო ჯამში, რაღაც ფორმით, დიდი ჰესიც დაგვჭირდება და პატარაც, თუმცა მანამდე უფრო მეტი კონსესუსი სჭირდება ამ საზოგადოებას, მიხვდეს, რომ ხვალ და ზეგ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა 30 წლის წინ, როცა მთელი საქართველო ჩაბნელდა იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც პროექტებზე თავის დროზე უარი ვთქვით", – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ BM.GE–სთან საუბრისას.

ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში მოცემულია ყველა იმ პერსპექტიული ელექტროსადგურის ნუსხა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში შესაძლოა, ქსელს მიუერთდეს ანუ ექსპლოატაციაში შევიდეს.

მათგან BM.GE-მ ის ობიექტები გამოყო, რომელიც ან გასულ წელს უნდა ამუშავებულიყო ან - მიმდინარე წელს. ამ პერიოდში გადავადებული ობიექტების ჩამონათვალშია: ხელრა, იფარი, მტკვარი, ნაკრა, ქვედი, ზეკარი, ანდეზიტი, ასევე საშუალა ჰესი ერთი და ორი.

ამ პროექტების ნაწილი რამდენიმე თვით, ნაწილი კი, რამდენიმე წლით გადავადდა. მათგან საერთო ჯამში, წლიურად, საქართველო 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები