თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბოლო წლებში ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, ბაგა-ბაღებში კვების ტენდერის ღირებულება კი, არ გაზრდილა, რაც არალოგიკურია.
ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის პარალელურად საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც მერისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდა.
ხაბეიშვილის თქმით, პასუხის ნაცვლად ის მერიის სხდომიდან გამოაგდეს.
„თანხა, რომლითაც ტენდერი ცხადდება, რამდენიმე წელია არ იცვლება. პურის ფასმა მოიმატა, ბუნებრივი აირის ფასი იმატებს, პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასები იმატებს. ბავშვთა კვებისთვის თანხა არ გაიზარდო, ცოტა არალოგიკურია, ხო?! როგორ შეიძლება 2013 წელს რომ ვაჭმევდით იგივე ფასად ვაჭამოთ ახლა 2019 წელს?
ეს იგივეა "კოკა-კოლა" რომ ღირს ლარი, ტენდერი გამოაცხადო 20 თეთრად. კომპანია მოიგებს 15 თეთრად, თუმცა, მასში აუცილებლად გაურევს წყალს - ლოგიკურია. იგივეა სერვისი, რომელზეც აცხადებენ ტენდერს. ერთ კომპანიაზე მეტი არ მონაწილეობს ტენდერში მარტივი მიზეზის გამო, განა ვინმეს 37 მილიონი არ უნდა. კონკურენცია არ არის ერთადერთი მიზეზის გამო - ამ ფასად შეუძლებელია ამ მომსახურების გაწევა", - აცხადებს ხაბეიშვილი.

























