საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ვალენსიურ “ლევანტესთან” ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა, თუმცა იმის გამო, რომ ევრო 2024-ზე მაღალი კლასის ფეხბურთი აჩვენა და ამავდროულად, “ლევანტეს” ფინანსური პრობლემები აქვს, მისი კლუბიდან წასვლა გამორიცხული სულაც არ არის.
ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, “ლევანტე” შეთავაზებებს ელოდება და ქართველის დათმობას 5 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქოჩორაშვილის გადაბირებით “ლაციო”, “ტორინო” და “ვილიარეალი” ინტერესდებიან.
როგორც Marca წერს, “ლევანტეში” დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქოჩორაშვილი ევროპის ჩემპიონატს დიდებულად ჩაატარებდა, რის გამოც მასთან კონტრაქტი წინასწარ გააფორმეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ საგოლე გადაცემაც მიითვალა, ხოლო მოედანზე დაფარული კილომეტრებით ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი იყო.