მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება, რასაც შპს "შატო ზეგაანი" უსასყიდლოდ უზრუნველყოფს

სონღულაშვილი რუხაძე

ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება. შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს “შატო ზეგაანს“ შორის გაფორმდა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"მემორანდუმს საფუძვლად უდევს 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი სანოტარო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებას, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს, ხოლო მიწის ერთ მონაკვეთზე უნდა გაშენდეს ქართული ვენახი.

ეროვნულ მუზეუმთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, შპს “შატო ზეგაანი“ ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის გაშენების მიზნით, უსასყიდლოდ, თავისი ფინანსური რესურსითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საკუთარი დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდურ დახმარებას და კონსულტაციას გაუწევს შპს “შატო ზეგაანს“ და ეროვნულ მუზეუმს", - წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის, "შატო ზეგაანი" კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მდებარე შატოა, რომლის 97%-ს ფლობს რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით ტატულაშვილი, 3%-ს კი სახელმწიფო - აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები