მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LGG წეროვანში $11 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

642a8e72ad929
თინათინ ნატმელაძე
04.04.23 01:00
1996
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და მინის მწარმოებელი კომპანია LGG წეროვანში $11 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა, ზურა გიორგაძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, მინის საწარმოს წეროვანში გადატანის შემდეგ კომპანია სრულ კომპლექსს - ალუმინის საწარმოს, საწყობს და ადმინისტრაციულ კორპუსსაც წეროვანში გახსნის.

„რაღაც ეტაპზე შეატყვეთ, რომ მინის წარმოებაში პრობლემა გვქონდა, ამიტომ ამ მიმართულების გაფართოება გადავწყვიტეთ და გასულ წელს წეროვანში ₾7.5 მილიონის ინვესტირებით მინის საწარმო გავხსენით, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია გაშვებული.

ახლა კი უკვე გაგრძელებაზე ვმუშაობთ და სრული კომპლექსიც წეროვანში გადაგვაქვს - პროექტი უკვე შეთანხმებულია, ჯამურად 8 000 კვადრატული შენობა ნაგებობა აშენდება, რომლის სრული ინვესტიციაც $11 მილიონს შეადგენს.

ადმინისტრაციულ კორპუსში განთავსდება საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები, ტრენინგ ცენტრი და ექვსი სასტუმროს ნომერი, სადაც საზღვარგარეთიდან ჩამოსული ტრენერები და ხელოსნები დარჩენას შეძლებენ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილობრივები დავასაქმოთ და პროფესიულად გადავამზადოთ“, - განაცხადა ზურა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია LGG ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს, მცირე წარმოებით დაწყებული ბიზნესი ახლა საქართველოში არსებულ ყველა დიდ თუ მცირე ზომის მშენებლობას საკუთარი პროდუქციით ამარაგებს და ადგილობრივი ბაზრის გარდა საექსპორტო ბაზრებზეც ოპერირებს.

ზურა გიორგაძე გვიყვება, რომ ადგილობრივი მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე საზღვარგარეთის ქვეყნებში სრულფასოვნად ოპერირებას ვერ ახერხებენ, თუმცა მათი წარმოებული კარ-ფანჯარა და მინა ჰააგაში, ამერიკაში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში უკვე გატანილია, ახლა კი მოლაპარაკებებს კანადასთან აწარმოებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები