"მგონი, ზედმეტია დამატებითი რეგულირების მიღება ჰოლდინგების დონეზე",- ასე უპასუხა "საქმის კურსის" შეკითხვას "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა, რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ ახალი რეგულაციების შემოღებაზე და არაპროფილური აქტივების აკრძალვის კანონპროექტზე ვკითხეთ, რომელზე მუშაობაც პარლამენტში მიმდინარეობს.
"ეროვნულმა ბანკმა მიიღო ამის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს დადგენილება, რომ ბანკებს არაპროფილური აქტივები უნდა გამოეცალკევებინათ. საქართველოში არსებულმა ყველა ფინანსურმა ინსტიტუტმა შეასრულა ეს ვალდებულება. მგონი, ზედმეტია დამატებით რეგულირების მიღება ჰოლდინგების დონეზე, თუმცა, ამის მონიტორინგი და დაკვირვება ჩვეული პრაქტიკაა დასავლურ ქვეყნებში, შესაბამისად, არ ქმნის პრობლემას, თუმცა, ის მიდგომა, რაც ბოლო პერიოდში გვესმის არაპროფილური აქტივების შესახებ ბანკის კუთხით ეს პრობლემა მოგვარებულია ეროვნული ბანკის მიერ. ნებისმიერი დამაებითი რეგულაცია უარესია ეკონომიკის განვითარებისთვის",- აცხადებს ალექსი ხოროშვილი.
ეროვნული ბანკი ახალ საკანონმდებლო პროექტზე მუშაობს. როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა, ეროვნულ ბანკს სურს რეგულირება გაუწიოს საბანკო ჰოლდინგებს, - "ბანკის ზემოთ არსებულ ჯგუფებს".

























