"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებზე ეროვნულ ბანკმა თანხმობა გასცა - ამის შესახებ ინფორმაცია "საქმის კურსს" "ლიბერთი ბანკში" და საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.
შედეგად, ირაკლი რუხაძე, ირაკლი კალანდარიშვილი და დავით შონია სამეთვალყურეო საბჭოში შევიდნენ. ლადო გურგენიძე სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობას ისევ ინარჩუნებს.
ამ დროისთვის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ამ პირებთან ერთად შედიან: მალიკ იშმურატოვი, ალექსეი იუსფინი, მარტინ პოლ გრემი, ნურლან აბდუოვი.
ბანკში საგანგებო სხდომა 14 აგვისტოს ჩატარდა. "საქმის კურსს" ბანკში განუცხადეს, რომ სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა დამტკიცდა.
ბანკში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ 24 ივლისს გახდა ცნობილი. მალევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მათ შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვთ და საკითხს ეროვნული ბანკი შეისწავლიდა.

























