ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“- ს მიერ, მეშვიდედ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი ქართველი მწერლებისთვის - „ვწერ მასწავლებლისთვის“. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა. ყოველწლიურად, საუკეთესო მოთხრობას ჟიური არჩევს და ნაწარმოები სასკოლო გარემოში სწორი ღირებულებების დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს. ქართველი მწერლების ნაშრომები ასევე უნდა აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას და მკითხველს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეების დაძლევის გზებს სთავაზობდეს. კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ, წარმოდგენილი 65 მოთხრობიდან წელსაც ათი საუკეთესო მოთხრობა შეარჩია. კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა და სამი გამარჯვებული მოთხრობის ავტორს ნათია როსტიაშვილს, თამთა დოლიძეს და სოფიო კუბლაშვილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ლიბერთი ბანკისგან დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ. ტრადიციულად, წელსაც ლიბერთი ბანკმა რჩეული ავტორი - ნინო ქადაგიძე დააჯილდოვა.