Lib.ge – აკადემიის პირველ ნაკადში 172 მოსწავლე იწყებს სწავლას წერა-კითხვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ზღაპრის თერაპიისა და ინგლისურის ონლაინ-კურსებზე.
მოსწავლეთა უმრავლესობა ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ბავშვია. თუმცა, პროექტში პირველად ერთვებიან დროებით ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები მოზარდებიც, რომელთათვის სწავლა ასევე უსასყიდლოა. ამ ინიციატივას კერძო ბიზნესი აფინანსებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოციალური პასუხისმგებლობისა და განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას.
მეორე ნაკადისთვის რეგისტრაცია უკვე ხელმისაწვდომია – დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მარტივი ფორმის შევსებით შეუერთდნენ ონლაინ-აკადემიას: forms.gle/GSL6sqhQxvZXZzva7
Lib.ge – აკადემიაში ამბობენ, რომ საზოგადოებას მალე არაერთ სიახლეს შესთავაზებენ. მათ შორის იგეგმება – ონლაინ-სკოლაში საგნების დამატება.
უახლოეს მომავალში ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში დაიწყებენ ქართული ენის სწავლებას მოსწავლეებისთვის და პედაგოგების გადამზადებას. ასევე, დაგეგმილია ქართული ენის სწავლება უცხოელებისთვის და სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები.




























