იმ საჩივრების რიცხვი, რომელიც უშუალოდ ტურისტულ კომპანიებს ეხება იზრდება. მათ შორის საჩივრები ინდივიდუალურ პირებზეც შედის. არსებობს თუ არა გამოსავალი და უნდა მოხდეს თუ არა ქვეყანაში ტურისტული კომპანიების ლიცენზირება,-თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ ავიაკომპანია “ატლასგლობალის“ კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი საუბრობს.
-ბოლო პერიოდში არა ერთი საჩივარი შევიდა და მოტყუებული მომხმარებელი დაგვრჩა, პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა მომხმარებელსაც?
-ავიაბილეთების რეალიზაცია ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიზნესია. ეს საკმაოდ კომპლექსური პროდუქტია, ვინაიდან მასში როგორც ავიაკომპანიები, უშუალოდ პროდუქტის მომზადებლები, ასევე ტურისტული სააგენტოები მონაწილეობენ. ბოლო პერიოდში ავიაბილეთების რეალიზება უკვე ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე მგზავრს ბილეთის შეძენის რამნდენიმე შესაძლებლობა აქვს. თუ კი მგზავრი ტურისტულ სააგენტოსთან თრანამშრომლობას ირჩევს და მას ენდობა, უნდა გაითვალისწინოს, რომ ავიაბილეთის შეძენისას იგი არა მხოლოდ პროდუქტს, ანუ მოგზაურობას ყიდულობს, არამედ სერვისსაც. ის გარემოება, რომ ქართულ ბაზარზე მოთხოვნა დაბალტარიფიან ბილეთებზე ძალიან მაღალია, სამწუხაროდ ავიაკომპანიებს და განსაკუთრებით ტურისტულ სააგენტოებს იმ პოზიციაში აყენებს, რომ იძულებულები არიან, ფასის დემპინგი მოახდინონ. ბუნებრივია, გრძელ ვადაში ტურისტული სააგენტოს საქმიანობა სერვისის გადასახადის გარეშე სავალალო მდგომარეობამდე მივა. დღეისათვის ქართულ ბაზარზე 300-ზე მეტი ტურისტული სააგენტოა რეგისტრირებული.
-ლიცენზირება არის თუ არა გამოსავალი ?ტურისტული კომპანიები რომ ლიცენზირებული იყვნენ ავიაკომპანიებისთვის ლიცენზირებულ ტუროპერატორებთან ურთიერთობა უფრო კომფორტული არ არის?
-ზოგადად ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების ურთიერთთანამშრომლობას “იატა“ არეგულირებს, მაგრამ ქართულ ბაზარზე როგორც აღვნიშნეთ, 300-მდე რეგისტრირებული ტურისტული კომპანიაა და აქედან მხოლოდ 10% აქვს “იატას“ სერთიფიცირება. ზოგიერთი ავიაკომპანია კომერციული პოლიტიდან გამომდინარე ყველა ტურისტულ სააგენტოსთან თანამშრომლობს, ზოგი კი მხოლოდ “იატას“ წევრ სააგენტოებთან. ამ მხრივ დიდი არჩევანი არ არის, თუმცა ხელშეკრულებაში, რომლის საშუალებითაც ტურისტულ სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის ურთიერთობა რეგულირდება, გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს ამ ტურისტული პროდუქტის გაყიდვისას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო ტურისტული ბაზრის განვითარებაში აქტიურად არის ჩაბმული, ვინაიდან ტურიზმის განვითარება სახელმწიფომ ერთ-ერთ პრიორიტეტადაც კი დასახა. სახელმწიფოს ინიციატივა და მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ასევე თითოეული ტურისტული სააგენტოს ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მათი თითოეული ქცევა, რომელიც ტურისტს დააზარალებს, მთელი ქვეყნის იმიჯზე აისახება.
-თურქეთის მიმართულება როგორ რეგულირდება?
-თურქული ბაზარი ტურისტული პროდუქტებით ძალიან მრავალფეროვანია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ტურიზმია. იქ არსებობს ორგანიზაცია ტურები, რომელიც ტურისტული ორგანიზაციების საქმიანობას არეგულირებს. თუ კი ლიცენზირების საკითხთან მივალთ, ლიცენზირება ერთმნიშვნელოვნად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს ტურისტული ბაზარია. რა უნდა ახსოვდეს მგზავრს: ის, რომ მოვითხოვოთ ყველაზე დაბალი ტარიფი პრიორიტეტი არ არის. უნდა მოვითხოვოთ უსაფრთხო მგზავრობა და სრული ინფორმაცია მგზავრობის შესახებ. ტურისტული სააგენტოების სერვისი სრულყოფილი უნდა იყოს და მათ მგზავრებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიწოდონ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
-იმ შემთხვევაში, როდესაც ტურისტული კომპანია მგზავრს ატყუებს, ავიაკომპანიის იმიჯსაც დარტყმას აყენებს. ავიაკომპანიებს რა ბერკეტები აქვს, სანქციები ტურისტულ კომპანიებს რა სახით ეკისრებათ?
-თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია ელექტრონული გზით ავიაბილეთის შეძენისა და ტურისტულ სააგენტოს შორის, ვინაიდან მგზავრი ბილეთის ღირებულებას ინტერნეტში ადვილად ნახულობს. თუმცა, ბილეთის ღირებულება საკმარისი არ არის და ტურისტულ სააგენტოში მიდის და იძენს ბილეთს. თუ რაიმე ხარვეზს ან გადაცდომას აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში ავიაკომპანიები, მაგალითად ჩვენ “ატლასგლობალი“ ასეთ ტურისტულ სააგენტოსთან თანამშრომლობას ვწყვეტთ და გარკვეულ ფინანსურ სანქციებსაც კი აკისრებს, ვინაიდან ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი და მგზავრი მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენ სერვისს იღებს. აუცილებელია იმის გათვალისწინება მგზავრი ზუსტად იმ პროდუქტს იღებს თუ არა რომელსაც იგი ითხოვს. ბაზარზე ორი ტიპის ავიაკომპანიები ოპერირებენ ეს არის დაბალბიუჯეტიანი და სრული სერვისის პროვაიდერი. ჩვენი კომპანიის ბილეთის ღირებულებაში შედის, როგორც ბარგი, ასევე საკვები და ამასთანავე გვაქვს, როგორც ეკონომკლასი, ასევე ბიზნეს კლასი. ბაზარზე წარმოდგენილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ღირებულებაში კი ეს სერვისები არ შედის. უშუალოდ მგზავრის მოთხოვნის შესაბამისად უნდა შეურჩიოს ტურისტულმა სააგენტომ, რადგან იგი სწორედ ამაში იღებს გარკვეული სერვისის გადასახადსა და თუ საკომისიოს. ლიცენზირება მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში თუ კი ეს ორგანო აქტიურად ჩაებმება ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად პროდუქტებსა და სერვისებს შექმნის.

























