მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“ მომხმარებლების წინაშე ახალი ვიზუალური იდენტობით წარდგა. რებრენდინგის შედეგად, გამარტივდა და გათანამედროვდა ლოგო, შეიცვალა პატერნი და ფონტი, დაემატა ფერები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. მასზე სარეკლამო სააგენტო „მოზაიკამ“ იმუშავა.
„ლიდერ კრედიტის“ ლოგო წითელსა და ნაცრისფერს აერთიანებს. ამ ფერთა გრადაცია გასდევს მის სრულ ვიზუალურ იდენტობასაც. ლოგოს კონცეფცია კი, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მომხმარებლისა და „ლიდერ კრედიტის“ თანასწორობასა და იდეალურ ურთიერთკავშირს ეფუძნება.

„გვინდა, ჩვენი კომუნიკაცია უშუალო და პირდაპირი იყოს. სწორედ ამ სურვილმა გვიბიძგა ახალი ვიზუალური გადაწყვეტისაკენ. ჩვენი ახალი ლოგო ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ობიექტის მთლიანობას წარმოადგენს. ერთი ობიექტი სიმბოლურად მომხმარებელს გამოხატავს, მეორე კი – კომპანიას. ვიზუალურადაც კარგად ჩანს, რომ ორივე მათგანი თანაბარია და ერთმანეთს იდეალურად ავსებს. ჩვენი საქმიანობაც მომხმარებლისა და კომპანიის ამგვარ თანასწორობასა და ჰარმონიულ თანამშრომლობას ეფუძნება“, – გვითხრა „ლიდერ კრედიტის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეონა ჯოხარიძემ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რებრენდინგის პარალელურად, „ლიდერ კრედიტის“ მიზანი მომსახურების გაუმჯობესება და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნაა.
„დაფუძნებიდან დღემდე „ლიდერ კრედიტის“ ამოსავალი წერტილი კლიენტთა ინტერესები და მათი საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებაა. შედეგად, შევძელით მომხმარებელთა ნდობის მოპოვება და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბება. თუმცა მის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე ზრუნვას კვლავაც განვაგრძობთ“, – ამბობს თეონა ჯოხარიძე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“ 2011 წელს დაფუძნდა. კომპანია დღეს საქართველოს მასშტაბით 27 ფილიალითაა წარმოდგენილი. „ლიდერ კრედიტი“ მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა ავტო ლომბარდი, ოქროს ლომბარდი, სხვადასხვა სახის სესხი და ფულადი გზავნილები.

























