მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვის პარლამენტმა ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა

ლიეტუვა

ლიეტუვის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მოკავშირეების ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვას აუქმებს.

როგორც ირკვევა, საკანონმდებლო ინიციატივას 106-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 18 წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დროს ექვსმა კანონმდებელმა თავი შეიკავა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საკონსტიტუციო შესწორების საბოლოო დამტკიცებას 141-წევრიან პარლამენტში სულ მცირე 94 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატები დასკვნით კენჭისყრას სამი თვის შემდეგ, 12 იანვარს გამართავენ.

პარლამენტის თავმჯდომარე, იუოზას ოლეკასი ამ გადაწყვეტილებას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საშუალებად მიიჩნევს. მისი განმარტებით, სამართლებრივი ბარიერის გაუქმება ლიეტუვას EU-სა და NATO-ს სხვა წევრებთან გაათანაბრებს. აღსანიშნავია, რომ მის პოზიციას ოპოზიციის კონსერვატორი ლიდერი ლაურინას კასჩიუნასიც იზიარებს. პოლიტიკოსის განცხადებით, არსებული შეზღუდვა ალიანსს ხელს უშლის იმაში, რომ ლიეტუვა ბირთვული შეკავების საერთო გეგმებში სრულად ჩართოს.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი რობერტას კაუნასიც, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად რეგიონში რუსეთის აგრესია დაასახელა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსში განთავსებულ სტრატეგიულ შეიარაღებაზე გაამახვილა. კაუნასის განცხადებით, შექმნილი რისკების ფონზე ოფიციალურმა ვილნიუსმა ქვეყნის დასაცავად ყველა შესაძლო ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს.

ცნობისთვის, ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი ქვეყნის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განლაგებას კრძალავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები