მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლილო მოლის“ განვითარების გენგეგმა მუშავდება - გენერალური დირექტორი

64ad5ac31ad1a
ვიქტორია მღებრიშვილი
11.07.23 17:55
3027
„ლილო მოლის“ განვითარების გენგეგმა მუშავდება, რომელიც წლის ბოლომდე მზად უნდა იყოს.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია BM.GE-სთან საუბრისას გეგმის დეტალებსა და ინვესტიციების მოცულობაზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავებით შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რა ინვესტიციით და როგორ განვითარდება სავაჭრო ცენტრი.

„ვმუშაობთ გენგეგმაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება გაფართოებაზე ფიქრი. ეს სავაჭრო ცენტრის განაშენიანების გენგეგმაა, რომელიც წლის ბოლომდე შემუშავდება და საბოლოო დოკუმენტის მიხედვით ვიფიქრებთ განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების განხორციელებაზე. გენგეგმაზე დიდი ხანია ვმუშაობთ და ეს მენეჯმენტის გადაწყვეტილება იყო. ჯერჯერობით საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალებზე საუბარი პროცესის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის სავაჭრო ცენტრში 6 000-მდე მაღაზიაა, სადაც 4 000-მდე მეწარმე მუშაობს. კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა და ახლაც ვაჭრობის კუთხით დადებითი ტენდენციები გვაქვს.

„ჩვენ პანდემიის დროსაც არ დაგვიკარგავს მეწარმეები და ახლაც იმავე დატვირთვით ვმუშაობთ, რაც ადრე. არსებობს სასაწყობე ფართები, რომლებიც სეზონურად სასკოლე პერიოდში იტვირთება ხოლმე, წელიწადის სხვა პერიოდში კი თავისუფალია, ასეთი სულ 300 ფართია, სხვა მხრივ დატვირთულები ვართ“, - უთხრა BM.GE-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები