მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლილო მოლმა“ ვაქცინაციის სივრცის მოსაწყობად 30 000 ლარი დახარჯა - კვარაცხელია

61193341cad38
ვიქტორია მღებრიშვილი
15.08.21 20:00
4097
თითქმის ერთი თვეა, რაც სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლში“ ამცრელი კაბინეტი მოეწყო, სადაც „სინოფარმით“ აცრის მსურველებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.

ბაზრობის გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამცრელი პუნქტის მოწყობა ბაზრობაზე დასაქმებული მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით აამოქმედეს, რისთვისაც კომპანიამ ფინანსური ხარჯი თავად გასწია.

„ლილო მოლის ტერიტორიაზე ამცრელი სივრცე მოვაწყეთ, რომელიც 4 ბრიგადაზეა გათვლილი. პირველები ვიყავით, ვინც ასეთი სივრცე გახსნა და ჩაწერის გარეშე შეიძლებოდა ვაქცინაცია, ერთადერთი შეზღუდვა ის იყო, რომ მხოლოდ ჩინური „სინოფარმით“ აცრის უფლება მოგვეცა. ამცრელი კაბინეტი ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედ მეწარმეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას გაუმარტივებს და დროს დაუზოგავს.

მოწყობის და აღჭურვის ხარჯები სრულად „ლილო მოლის“ მენეჯმენტმა გაიღო, ხოლო სამედიცინო ბრიგადები ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო. 120 კვ.მ.-ზე გავაკეთეთ რემონტი, ვიყიდეთ შესაბამისი აღჭურვილობა, კომპიუტერები, მაგიდები, საწოლები, რაზეც დაახლოებით 30 000 ლარი დაიხარჯა“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი კვარაცხელიამ.

მისი ინფორმაციით,მიმართვიანობა ნელ-ნელა იზრდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სივრცე 4 ბრიგადაზეა გათვლილი, დღეისთვის ნაკადების მიღებას მხოლოდ ერთი ბრიგადა უმკლავდება.

„მომართვიანობა თავიდან დაბალი იყო. ჩვენთან მოდური და ტრენდული Pfizer-ია, მაგრამ დღეისთვის ერთი ბრიგადა დღიურად 100-110 ადამიანს ცრის. ეს მაჩვენებელი პირველ დღეებში 5-10 კაცი იყო. მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება ცოტა ხელს შეუშლის პროცესს, თუმცა მგონია, რომ მაინც იმუშვებს, რადგან ბაზრობაზე მომუშავე ადამიანები, მეზობელ რაიონებში მცხოვრები ადამიანები, ვისაც „სინოფარმით“ აცრა უნდა მოდიან და იცრებიან“, - აღნიშნა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები